ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს. ის ამ დრომდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გუშინ, მას შემდეგ გახდა, რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცეს.

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის პროცესში ჩართულია როგორც საპროკურორო საბჭო, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არანაკლებ სამ კანდიდატს ასახელებს იუსტიციის მინისტრი, რომელსაც დასამტკიცებლად საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. რაც შეეხება კანდიდატების შერჩევას, იუსტიციის მინისტრმა ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიაროს კონსულტაციები აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრება ფარული კენჭისყრით. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა, იუსტიციის მინისტრი ერთი კვირის ვადაში პირველად წარდგენისათვის დადგენილი წესით ასახელებს სხვა კანდიდატურებს.

საბჭოს მიერ დამტკიცებული მთავარი პროკურორის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრის მიერ თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომლის თანხმობის შემთხვევაში აღნიშნული კანდიდატურა ასარჩევად წარედგინება საქართველოს პარლამენტს. თუ მთავრობა თანხმობას არ განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე, იუსტიციის მინისტრი მთავრობას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა კანდიდატურას.

საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა არჩეულად ჩაითვლება, თუკი მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ მთავარი პროკურორის კანდიდატურა ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატების მიმართ სრული პროცედურა თავიდან გამეორდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. მათ შორის, ერთ-ერთ მოსამართლედ დაინიშნა შალვა თადუმაძე, რის შემდეგაც გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა.

იტვირთბა....