ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

კრწანისის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატა

კრწანისის რაიონს სამი რეკრეაციული სივრცე შეემატა. მათგან ერთი ფონიჭალაში, სადგურის ქუჩის N57-ის მიმდებარედ, ძველი ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, 4 000 კვ. მეტრზე მოეწყო, მეორე – გორგასლის ქუჩის N75-ის მიმდებარედ, ხოლო მესამე – ამავე ქუჩის N39-თან, ნაგავსაყრელად გამოყენებულ ტერიტორიაზე განთავსდა. გორგასლის ქუჩაზე მოწყობილი რეკრეაციული სივრცეების ჯამური ფართობი 1000 კვ. მეტრია.

სამივე რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდა ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი და გარე განათების სისტემები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანების ზოლები, საჩრდილობლები და მოსასვენებლი კუთხეები. გარდა ამისა, განთავსდა საბავშვო ზონები ატრაქციონებით და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო.

ახალი რეკრეაციული სივრცეები „ბეგი არტ სტუდიის“ ხელმძღვანელმა და ბავშვებმა მოხატეს.

„წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი სურვილი ჰქონდათ, ამ ადგილებში რეკრეაციული სივრცეები მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორიები, ზოგ შემთხვევაში ნაგავსაყრელად იყო ქცეული, ზოგ შემთხვევაში კი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას საერთოდ არ ჰქონდა დასასვენებელი კუთხე. თანამედროვე სტანდარტის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მეტი რეკრეაციული და დასასვენებელი სივრცე შევუქმნათ მოსახლეობას“, – აღნიშნა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.

კრწანისის რაიონის გამგეობამ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რაიონში მოაწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარა 30 მწვანე სივრცეს, რომელიც ჯამში 3 ჰექტარზეა განთავსებული. ამისათვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 736 400 ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....