ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნებიდან” წასული დეპუტატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები თამარ ჩუგოშვილი ,თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის და ზაზა ხუციშვილი ერთობლისვ განცხადებას ავრცელებენ.

მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა – ასე აფასებენ დღევანდელ იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილებას ოცნებიდან წასული დეპუტატები.

“გთხოვთ იხილოთ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩემი, თამარ ხულორდავას, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის და ზაზა ხუციშვილის ერთობლივი განცხადება:

დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში – უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია არ გააღრმავოს უნდობლობა და დასაბამი დაუდოს სწორ პროცესებს მართლმსაჯულების სისტემაში.

გასული წლის დეკემბრიდან, პარლამენტმა რთული პროცესები გაიარა: უარი თქვა 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუმჭვირვალე და სათანადო პროცესის გარეშე წარმოდგენილი 10 კაციანი სიის განხილვაზე; მიიღო კანონები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურენტულ და გამჭვირვალე პროცესს; თვეების განმავლობაში, იურიდიულ კომიტეტში წარმართავდა კანდიდატურების ღია განხილვებს.
ამ პროცესებმა სრულიად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტუსს.

რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, ეს იყო საშუალება სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ.

მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მარდაჭერას, სამწუხაროდ ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე” – წერს თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა. დეპუტატებმა წარმოდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი 14 მათგანს დაუჭირეს, მათ შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

იტვირთბა....