ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის გამოძიების პროცესში ორივე მხარეა ჩართული” – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ ინციდენტს ადასტურებს.

როგორც “მეტრონომს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

“საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად, დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია.

პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები”, – უთხრეს “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, საქართველოს მოქალაქის დაჭრის ფაქტზე, განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურმაც.

უწყების ცნობით, 6 დეკემბერს, შამქირის სასაზღვრო დანაყოფი ჯეირანჩოლის საზღვართან თვალყურს ადევნებდა მწყემსის გადაადგილებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

„საქონლის ფარის ტერიტორიიდან გაყვანის მცდელობისას, მწყემსის 10-მდე ძაღლი საზღვრის დაცვას თავს დაესხა. მესაზღვრეებმა ჯერ ჰაერში გაისროლეს, თუმცა რადგანაც ამას შედეგი არ მოჰყვა, ძაღლებს ესროლეს. ამის შემდეგ, მესაზღვრეებმა მწყემსიც ძაღლებთან ერთად ძირს დავარდნილი ნახეს. ის თავის არეში იყო დაჭრილი. მწყემსი მაშინვე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ვინაობაც დადგენილია. ის საქართველოს მოქალაქე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მკვიდრი, 1993 წელს დაბადებული რამინ ბაშიროვია“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიებას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა ატარებს.

მომხდართან დაკავშირებით ქართულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ასკერ ხალილოვმა.

შეგახსენებთ, რომ გარეჯის უდაბნოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ “მთავარმა არხმა” გუშინ, 10 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია.

ტელეკომპანია მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, მესაზღვრეებმა ძაღლს დაუმიზნეს, თუმცა ტყვია მწყემსს მოხვდა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, მწყემსი, მას შემდეგ, რაც ცხვრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაექცა, გადავიდა და მას მესაზღვრეებმა ესროლეს.

 

 

 

იტვირთბა....