თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ჯარის შესახებ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯარი არის ქვეყნის სიამაყე.
„პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს ჯარისკაცებს. იცით, რომ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მოხდა თავდასხმა და ხუთმა ჯარისკაცმა მიიღო დაზიანება. ჩვენი ჯარი, ჯარისკაცები არიან ჩვენი სიამაყე და ამიტომ მე ყველას მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ ჯარზე და ჩვენს ღირსეულ ჯარისკაცებზე, მეტი სიფრთხილით მოვეკიდოთ, რამდენადაც ეს უკავშირდება ჩვენს ეროვნულ გრძნობებს და ემოციებს და ეს ჩვენი ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდისთვის არის მნიშვნელოვანი. ქალბატონი პრეზიდენტის განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეკონექსტი იყო განათლებასთან თუ კულტურასთან შედარება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, უნდა დავიცვათ ის ემოციები, რაც უკავშირდება ჯარს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც შეიარაღება.