საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.
„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე.
მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.
თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.