ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა” – ცქიტიშვილი

დარწმუნებული ვარ, ყველა საქმე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ავრცელებს.

„პირველ რიგში, ვიცი რა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, ყველა ის საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, არის მიმართული კონკრეტული სოციალური ამოცანის შესასრულებლად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა – დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. რაც შეეხება ზიანის აღმოფხვრას, რომელიც იმ კონკრეტული ხის ამოღების ადგილას მოხდა, მე უშუალოდ არ ვარ იქ ნამყოფი, მაგრამ ძალიან ბევრი კადრი მაქვს ნანახი, ძალიან ბევრი მტკიცებულება მაქვს ნანახი იმისა, რომ იქ, სადაც ხის ამოღება მოხდა, ტექნოლოგიურად შესაბამის ვადაში განხორციელდა ამ ყველაფრის აღდგენა. იმ ადგილას, რა თქმა უნდა, ასწლოვანი ხე ვერ იქნება ჩარგული, მაგრამ გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრა ხდება. ეს ასწლიანი ხე მოჭრილი არ არის, მისი ადგილმდებარეობა შეიცვალა“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხეები გადაშენებას გადაარჩინა, ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: „რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“

იტვირთბა....