ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კვლევის თანახმად, მაია ცქიტიშვილს, ეკატერინე ტიკარაძეს და ლევან დავითაშვილს არასრულად აქვს გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა

საქართველოს პარლამენტის სამ მინისტრს: ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევის შედეგების გავრცელების თანახმად,  არასრულად აქვთ გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა.

ასევე, კვლევის შედეგად გამოვლინდა მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ქონების არასრულად გასაჯაროების 18 შემთხვევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული დარღვევები გამოავლინა.

„2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების თითქმის ნახევარს – 64-დან 29-ს – უდასტურდება კომერციული ინტერესი (მას და/ან მის ოჯახის წევრს). შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბიზნესინტერესის მქონე მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების უმეტესობას (29-დან 22-ს), ამა თუ იმ ფორმით, დარღვეული აქვს კანონის ის მოთხოვნები, რომლებიც უკავშირდება კომერციული ინტერესის გამჟღავნებას და ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.

კვლევის მიხედვით, 6 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. ეს თანამდებობის პირები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და ბადრი მაისურაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილი.

4 შემთხვევაში თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში – თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და განათლების მინისტრის მოადგილე ბადრი მაისურაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი.

3 შემთხვევაში თანამდებობის პირი (ან ოჯახის წევრი) ფლობს წილს ისეთ კომპანიაში, რომლის საქმიანობაც, სავარაუდოდ, სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე.

1 შემთხვევაში თანამდებობის პირმა დაარღვია ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვადა – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

კვლევის შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ, ერთი მხრივ, ბიზნესინტერესის მქონე მინისტრები და მათი მოადგილეები სერიოზულად არ ეკიდებიან ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს და სამეწარმეო საქმიანობის სრულად გამჟღავნების ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებისა და მისი მონიტორინგის არსებული სისტემები, როგორც კანონმდებლობა ისე პრაქტიკა, ვერ უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სრულ ანგარიშვალდებულებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს „საჯარო სამსახურის ბიუროს“, შეისწავლოს ამ კვლევაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, „საჯარო სამსახურის ბიურომ“ მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს დეკლარაციების სისტემის გაუმჯობესებაზე, არსებული პრობლემური პრაქტიკის გათვალისწინებით, რათა თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ ასე მარტივად დაარღვიონ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის სრულყოფილი დეკლარირების ვალდებულება”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფრომციაში.

იტვირთბა....