ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნები ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, მიღებულ იქნა საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, განცხადებაში მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მათივე ინფორმაციით, განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციის გამო.

“მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მეგობარი ქვეყნები არ ცნობენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას და მათ შედეგებს.

განცხადებაში აღნიშნულია აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარება და გამოთქმულია შეშფოთება  რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციების გამო, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო, ასევე აღნიშნულია ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ფაქტი.

განცხადებაში ასევე დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები.

მეგობარი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას ფედერაციას, არ შეუქმნას დაბრკოლება დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას.

ამ კონტექსტში, ქვეყნები იმეორებენ მოწოდებას    აღნიშული და სხვა საქმეების საფუძვლიანად გამოძიებისკენ და  მართლმსაჯულების აღსრულებისკენ.

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სოფელ ატოცსა და გუგუთიანთკარში ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობის გამო სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში გამოთქმულია მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, გაერო-ს ქარტიაზე, ჰელსინკის დასკვნით ოქმზე, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით. ამ მხრივ აღნიშნულია რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს მთავრობის დიალოგის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დაძაბულობის დეესკალაციისკენ.ასევე ხაზგასმულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში   საქართველოსა  და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და შუამდგომლობით გაიმართა.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები ადასტურებენ ურყევ მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მისიისადმი საქართველოში, რომელსაც აქვს მანდატი, გაუწიოს მონიტორინგი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას. ქვეყნები მოუწოდებენ  რუსეთის ფედერაციას, მისცეს  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას  მისი მანდატის შეუფერხებელი  და სრული განხორციელების საშუალება, მათ შორის, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში  წვდომის შესაძლებლობით”, – ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....