aviabiletebi
ახალი ამბები ბლოგები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გმირი სტუდენტი პუტინისა და რუსული ურჩხულის წინააღმდეგ

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში, პოლიტიკური ურჩხულის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი პერსონა დაიბადა. ასეთია რუსეთში ჯერ კიდევ დარჩენილ, ნორმალურად მოაზროვნეთა პათოსი მას შემდეგ, რაც სტუდენტი, ეგორ ჟუკოვი 3-წლიანი პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. ყველა ელოდა, რომ მას პატიმრობას მიუსჯიდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ხანდახან სატანაც იხევს უკან და კრემლის პოლიტ-ელიტამ გადაწყვიტა, რომ ეს მათი მხრიდან არა ლმობიერი, არამედ ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა.

ვინ არის ეგორ ჟუკოვი? რა ამოძრავებს მას? რისთვის დააკავეს ის მიმდინარე წლის 27 ივლისს? თვლის თუ არა პუტინის ადმინისტრაცია, რომ ის საშიშია არა როგორც მომავალი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ როგორც სტუდენტი, რადგან ეს კატეგორია განსაკუთრებულად გამაღიზიანებელია ნებისმიერი დიქტატორისთვის.

ჟუკოვი აქტიური პერსონაა. ის თავის ვიდეობლოგებში მწარედ აკრიტიკებდა პუტინს, მის კლანს და ზოგადად, რუსეთის ხელისუფლებას. ზუსტად ამ აქტიურობის გამო, ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს ის რამდენიმე თვის წინ, მოსკოვის ცენტრში, როგორც არასანქციონირებული მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თუმცა, მას მოგვიანებით მუხლი შეუცვალეს და ინტერნეტ-რესურსების არაკანონიერი ადმინისტრირება დასდეს ბრალად.

“რუსეთს აქვს რესურსი იყოს პროგრესული ქვეყანა, მაგრამ ამ ქვეყანაში არსებობენ ხელისუფლებაში დაბანაკებული კლანები, რომლებიც ფულს იპარავენ ცალ-ცალკე, მაგრამ ნაქურდალის დასაცავად ერთიანდებიან” – ასეთია ეგორ ჟუკოვის პოზიცია, რომელსაც ის სხვადასხვა მედი-საშუალებებით ავრცელებს და ცდილობს მოიცვას სრულიად რუსეთი.

ის დღეს თავისუფალია და როგორც თავად ამბობს, მზად არის ბრძოლისთვის. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავისი არასწორი მოქმედებით შექმნა ახალი, პოპულარული გმირი, რომელიც ხვალ, ისევ პოლიტიკური ურჩხულების წინააღმდეგ აუცილებლად ამხედრდება.

ჟუკოვი ამბობს, რომ რუსეთი დღეს ორ ნაწილად იყოფა – სისტემაში მყოფი ე.წ. ლიბერალებისგან და ძალოვანებისგან. მისი თქმით, კარგია რუსეთის მოსახლეობისთვის, რომ  სისტემური ლიბერალები შესუსტდნენ, მაგრამ ორმაგად საშიშია ის, რომ ძალოვანები კიდევ უფრო გაძლიერდნენ.

რა არის ძალოვანების ასეთი გაძლიერების მიზეზი? თუკი პოლიტოლოგები ხელს პუტინისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ პირადად კრემლის ლიდერის დავალებით ხდება ამა თუ იმ ინსტიტუციებზე ზეგავლენის მოხდენა, ჟუკოვი ამბობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი არის – პროტესტები. რუსეთში პროტესტების რაოდენობის ზრდით ძალოვანები აღშფოთებულები არიან და თათბირს თათბირზე ატარებენ – თვლის ჟუკოვი.

მის ამ მოსაზრებას ამყარებს რუსეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ალექსანდრე კორშიკოვის განცხადება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტის დაკავება მოხდა წინასწარ შესწავლილი 132 ვიდეობლოგის მეშვეობით. კორშიკოვი ამბობს, რომ ჟუკოვი შეპყრობილია ამერიკელი პოლიტოლოგის, ჯინა შარპის მიერ გამოცემული წიგნის იდეოლოგიით, რომელშიც საუბარია არაძალადობრივი მეთოდებით ბრძოლის 198 მეთოდზე.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (თუმცა რუსეთში დღეს არაფერია გასაკვირი), ჟუკოვის საქმის მოსამართლემ, სვეტლანა უხნალევამ პირდაპირ განაცხადა, რომ ჟუკოვის ქმედებებით იკვეთება არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციები.

ეს არის დანაშაული? ეს არის მოსამართლე?! როგორც ჩანს რუსეთში კი…

ჟუკოვი არ არის ერთადერთი ვინც კრემლის მახინჯ სისტემას ებრძვის. მის გვერდით კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყანაში ცხოვრების ასეთი სტილით გაგრძელება კატასტროფაა და ცვლილებები აუცილებელია. თვალსაჩინოა, რომ ბოლოდროინდელ საპროტესტო გამოსვლებში ახალი თაობა მონაწილეობს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და კარგად ესმით, რა ხდება ცივილიზებულ სამყაროში, რომ ცხოვრების რუსული სტილი მხოლოდ მუხრუჭია, არა მარტო რუსეთის თოთოეული მოქალაქისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

გენო ჯოხიძე

 

 

იტვირთბა....