“ერის მამის დაცვა საამაყოა” – მოძრაობა 20/30-იანელებმა შსს-სთან პერფორმანსი “სამადლობელი” გამართეს. მოძრაობის წევრები პოლიციას მადლობას უხდიდნენ ბიძინა ივანიშვილის მსახურებისთვის.
პარალელურად კი შსს-სთან გაიმართა მოძრაობა #სირცხვილიას და შეცვალეს საპროტესტო აქცია. ისინი მოუწოდებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები და უკანონო ბრძანებების გამო არ მისცეს მოძალადეებს მათზე თავდასხმის უფლება. აქტივისტები აპროტესტებდნენ ქართული ოცნების ოფისთან მომხდარ მოვლენებს, როდესაც სამართალდამცავებმა არ დააკავეს პირები, რომლებიც არამხოლოდ აქტივისტებს, არამედ პოლიციელებსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას.
რაც შეეხება მოძრაობა 20/30-იანელებს, მასში გაერთიანებული არიან აქტივისტები, რომლებიც პროტესტს იუმორისტული ფორმებით გამოხატავენ. მათ ხელმოწერებიც კი შეაგროვეს ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით, ოღონდ “100 წლის შემდეგ”. გარდა ამისა, გამართეს საპროტესო აქცია დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან, სადაც აცხადებდნენ, რომ დეპუტატს “უდიდესი ქველმოქმედის, ბიძინა ივანიშვილის ღალატს არავინ აპატიებდა”.