ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

19.5 მილიონით გაზრდილი პრემია – აუდიტის სამსახურმა ბიუჯეტის მონიტორინგი გამოაქვეყნა

აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების პრემია-დანამატების მონაცემები შეაჯამა. 167.8 მილიონი ლარი – ეს არის თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს, 9 თვის განმავლობაში სექტემბრის თვის ჩათვლით გამოიყო.

პრემია-დანამატების გაცემის მხრივ სახელმწიფო უწყებებს შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიდერობს. დღეს მინისტრ გომელაურს ხარჯვის მიზნობრიობაზე შეფასება არ გაუკეთებია. თუმცა აღნიშნა, რომ პრემიების გაცემაში გასაკვირი არაფერია, ხოლო თანხის მოცულობა სამინისტროს თანამშრომლების დიდი რაოდენობით ახსნა.

იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პრემია-დანამატებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა გაზრდილია, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პირიქით, შემცირებაზე საუბრობს. მაია ცქიტიშვილი დღეს ხაზს უსვამდა, რომ თანამშრომლების წახალისება კომპეტენციის და დამსახურების გათვალისწინებით ხდება.

საჯარო მოხელეებზე გაცემული პრემია-დანამატების საკითხის წინ წამოწევა “სპეკულაციად” ფასდება საპარლამენტო უმრავლესობაში. დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებდა, რომ ოპოზიცია თემას “ხმაურისთვის” იყენებს, რეალურად კი გაცემული თანხები ცალკეულ შემთხვევებში არ არის ისეთი რაოდენობის, როგორც ეს საბოლოოდ დაჯამებულ ციფრებში ჩანს.

პრემია-დანამატების გაცემის საკითხი ოპოზიციის მხრიდან ტრადიციულად კრიტიკის საგანია. ამ შემთხვევაშიც, ლიდერები სვამენ კითხვას – რა დამსახურებისთვის გაიცემა თანხები და ამ კითხვას თავადვე პასუხობენ.

აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგები, რომელიც 9 თვიან პერიოდს მოიცავს, გასულ წელთანაც არის შედარებული. ირკვევა, რომ საჯარო მოხელეებმა წელს უფრო მეტი პრემია-დანამატი მიიღეს ვიდრე შარშან. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 148,3 მლნ ლარი იყო გაცემული. წელს, ეს თანხა 19,5 მილიონი ლარით მეტია.

იტვირთბა....