საკანონმდებლო ორგანოს მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციამ, ქუჩის აქციებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირების ფონზე, მმართველ გუნდს არჩევნების ჩატარება ე.წ. გერმანული მოდელით შესთავაზა. “ქართული ოცნება” “გერმანული მოდელის” წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია. მას შემდეგ, რაც დიპლომატიურმა კორპუსმა “ოცნების” ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის რეჟიმში გადაიყვანა, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ კონსესუსისთვის სივრცე გაჩნდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.
იმ ფონზე, როდესაც მმართველი პოლიტიკური პარტია ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადოს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით, შეიმუშავა საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია, რომელსაც პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, ომბუდსმენი ეუთო/ოდირს გადაუგზავნის.
უფრო ადრე, ე.წ. გერმანული მოდელის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბისობა-შეუსაბამობის საკითხის გასარკვევად, “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძეს, აღნიშნული მოდელის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნა შესთავაზა, რაზეც დადებითი პასუხი არ მიუღია.
მხარეები საუბრობენ დიალოგის შემდეგი რაუნდების გამართვის შესაძლებლობაზე, თუმცა როგორც ჩანს, საკუთარი პოზიციების დათმობას არ აპირებენ. რა გამოსავალი არსებობს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან? წავა თუ არა რომელიმე მხარე კომპრომისზე და არსებობს თუ არა რაიმე რეცეპტი, რომლის მეშვეობითაც მოიძებნებოდა გამოსავალი? – აღნიშნული კითხვებით “მეტრონომი” ექსპერტებს დაუკავშირდა:
ხათუნა ლაგაზიძე: “ვფიქრობ, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში გამოსავალი არის ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლა. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. ნებისმიერი სხვა სცენარი ქვეყნისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. “ქართული ოცნება” არის თავისი შეცდომების ტყვე. მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ პროპორციული ჩააგდო, დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა.
მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ახლა მხოლოდ თავის ამომრჩეველზე მუშაობს და არ მიდის შესაძლოა კომპრომისზე იმიტომ, რომ ამომრჩეველმა ოპოზიციასთან კომპრომისი სისუსტედ არ ჩაუთვალოს. არადა, კომპრომისი სისუსტე კი არა, სიძლიერის ნიშანი იქნებოდა. თუ არ გამოინახა კომპრომისი, ვითარება სამოქალაქო დაპირისპირების ბოლო ფაზისკენ მიდის და მერე უკვე “ოცნებას” აღარავინ დაინდობს. ახლანდელი “ქართული ოცნება” ჰგავს ძველ “ნაციონალურ მოძრაობას”.
გია ხუხაშვილი: “შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავალს ვერ ვხედავ, ჩიხია. რაც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, ოდირმა და ვენეციის კომისიამ, ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ მაჟორიტარული წესით ჩაატაროს არჩევნები. ის ყველაფერი ზღაპარია და გათამაშებული სცენარია ე.წ. ამბოხება. მათ აქვთ ძალიან სერიოზული შიში ძალაუფლების დაკარგვის. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო. როგორც არ უნდა შეფუთონ, რომ ანტიკონსტიტუციურია, რომ ძალიან სცხვენიათ ოდირში და ვენეციის კომისიაში გაგზავნა, რომ ოპოზიცია შერცხვება, რომ ოპოზიციის ავტორიტეტს უფრთხილდებიან, ეს ყველაფერი აბსურდია. ერთადერთი რაც შეუძლია ოპოზიციას, გააგრძელოს იგივე დღის წესრიგით მუშაობა, როგორც მუშაობს, მაგრამ პარალელურად იფიქროს იმაზე, რომ არსებულ მოდელში როგორ დაამარცხოს ხელისუფლება მაჟორიტარულ არჩევნებში. ამაზე უნდა იფიქროს და ამაზე კოორდინაციის და თანამშრომლობის ენერგია ამ სამზადისს მოახმაროს გარკვეულწილად. “თუ გინდა მშვიდობა, უნდა ემზადო ომისთვის” – მე ასე მესმის. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციას გარკვეული გადაწყვეტილებები აქვს დღესვე მისაღები, მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რას აკეთბენ, როგორ იქცევიან, როგორ კოორდინაციას ახდენენ ერთმანეთში. ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების გეგმა, მაჟორიტარების დახმარებით შეინარჩუნონ ძალაუფლება, შეიძლება ჩავარდეს და შეიძლება პირიქით უარესი შედეგი აჩვენონ, ვიდრე პროპორციულის შემთხვევაში”.
თორნიკე შარაშენიძე: “ამ ეტაპზე ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ მთავრობა არაფერს არ დათმობს. ამით, ბუნებრივია, მოხდება მთავრობის შემდგომი დისკრედიტაცია არამხოლოდ მოსახლეობის თვალში, არამედ პარტნიორების თვალშიც. ყველა ხვდება, რომ ისინი ჯიუტობენ უაზროდ და ტოვებენ უსამართლო საარჩევნო სისტემას. ოპოზიციას რჩება ერთი ვარიანტი, რომ დაამარცხოს ამ უსამართლო სისტემის პირობებშიც “ქართული ოცნება”, მაგრამ სამწუხაროდ, მე მგონია, რომ იქამდე შეიძლება ახალი კრიზისი დაიწყოს ქვეყანაში და იმ კრიზისს, შესაძლოა, ვერ გაუძლოს “ოცნებამ” და საერთოდ დაიშალოს. ხედავთ, როგორც მიდის საქმე. ყოველი კრიზისი ამ პარტიას, რომელიც ხელოვნურად არის შენარჩუნებული, ისე არყევს, რომ კიდევ ერთ კრიზისს ვერ გაუძლებენ. “ოცნების” დაშლა მაინცდამაინც გულს არ მწყვეტს, მაგრამ ქვეყანა არ გადაჰყვეს კრიზისს, ამის მეშინია”.
მარიამ იმერლიშვილი