ახალი ამბები მთავარი სამართალი

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს – რა მოლოდინი აქვს ადვოკატს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “მეტრონომთან” საუბრისას, საპატრიარქოს მიერ სასულიერო პირის შეწყალების შუამდგომლობის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა.

მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველს არ შეუძლია თქმა, საპატრიარქოს შუამდგომლობის მიუხედავად, შეიწყალებს თუ არა მსჯავრდებულ დეკანოზს პრეზიდენტი.

როგორც მიხეილ რამიშვილმა “მეტრონომს” უთხრა, საპატრიარქოში ყოველთვის არსებობდა ჯგუფი, რომელიც დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებული იყო და პირიქით, ჯგუფი, რომელიც მის დანაშაულზე საუბრობდა, აქედან გამომდინარე, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შუამდგომლობის მიუხედავად, გარკვეულმა ჯგუფებმა საპატრიარქოდან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება არ დატოვოს.

“ღმერთმა ქნას, რომ შეიწყალონ, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. თქვენ გემახსოვრებათ, რომ ყოველთვის არსებობდა ჯგუფები საპატრიარქოში, რომლებიც ამბობდნენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო დამნაშავე, მეორე ჯგუფი კი აცხადებდა, რომ სასულიერო პირი უდანაშაულო იყო. მე არ გამოვრიცხავ ახლა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, შუამდგომლობის მიუხედავად, გარკვეული ტიპის ზეწოლაც იყოს. მაინც უნდა დაველოდოთ ადმინისტრაციის საბოლოო გადაწყვეტილებას და ეს შემდეგ გვაჩვენებს, იყო თუ არა ფორმალური საპატრიარქოს მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს – ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ შეწყალება არ მომხდარა. ასე რომ, წინასწარ არაფერის თქმა არ შემიძლია, ღმერთმა ქნას, რომ დეკანოზი მამალაძე შეიწყალონ”, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ, 2 დეკემბერს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპატრიარქოს მხრიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიიჩნევს საჭიროდ განმარტოს: ადმინისტრაცია ხელახლა ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშრებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო. აქვე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ის, რომ სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებდა მამალაძეს შეწყალების საკითხზე პრეზიდენტთან, წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდა.

იტვირთბა....