საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა, დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა
კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ამჟამად დიალოგის რეჟიმში იმყოფება სხვადასხვა მონაწილესთან, რომ დადგინდეს, თუ რა დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი შეხვედრის შემდეგ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ.
ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ ძალადობის შემთხვევები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„ევროკავშირმა სხვებთან ერთად ბევრი გააკეთა დიალოგის ხელშეწყობისთვის. მოსაზრებების გაცვლის და საუბრის დასრულების შემდეგ, მე ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი. ჩვენ ახლა სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით, რომ დავინახოთ, თუ რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ერთად ამის შედეგად და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ. დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა. ჩვენ უნდა ვცადოთ დაძაბულობის შემცირება. როდესაც ხდება ძალადობა, ეს ყოველთვის ცუდი ნიშანია და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. მომდევნო დღეებში განვსაზღვრავთ, რაზე გვექნება დისკუსია. შემდეგი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის. ჩემთვის ნათელია, რომ შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს. უნდა განვსაზღვროთ რა არის შესაძლებელი დღის წესრიგზე დაყრდნობით რომ დარწმუნებული ვიყოთ შემდეგი რაუნდის სარგებლიანობაში. დიალოგის დროს აქტიურად განიხილებოდა ე.წ. გერმანული მოდელი და ძალიან სასარგებლო იყო, რომ ორივე მხარემ მოუსმინა ერთმანეთს. დიალოგის ყველა მონაწილემ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რას ნიშნავს აზრების გაცვლა და რას ნიშნავს ეს ჩვენ დიალოგისთვის“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.