პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი კახიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მიმართ “ბანკი ქართუს” საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
კახიანი განმარტავს, რომ თუ სასამართლომ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, მას უფლებამოსილება შეუწყვიტოს.
„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა. თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში უკვე პარლამენტი ვალდებულია, რომ შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება. ამ საკითხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის და შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია, შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა და დადგენილების მიღებას კი სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, თუმცა ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე ნაკლები“, – აცხადებს გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.