ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა ამის შესახებ განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთა.
მისი თქმით, დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება.
„როგორც ვიცით, ევროკავშირი დასაწყისშივე საკმოდ დიდ ყურადღებას ამახვილებდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ნდობისა და პოლარიზაციის საკითხებში პოზიციების დასაახლოებლად აუცილებელი იყო სერიოზული დიალოგი.
ამ პრობლემებს ჩვენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში გადავაწყდით. ამ ხანგრძლივ დიალოგში მონაწილეობის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რადგან მხარეებს შორის ძალიან სასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დისკუსია შედგა. არ მქონდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრა მიგვიყვანდა საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ვფიქრობ, ეს არარეალური იქნებოდა.
თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ მიგვეღწია, რომ ვიმუშაოთ დიალოგის საშუალებით, შევისწავლოთ შესაძლებლობები და იმედია, მომავალში ამ შეხვედრის წყალობით კარი გაიხსნება. დიალოგის გაგრძელებაზე ყველა თანხმდება. ეს კი ნათლად აჩვენებს, რომ სერიოზული პროცესი არსებობს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეხვედრა იმართება, სადაც მთავარი თემა საარჩევნო სისტემაა.