კომპანია “რესო-გარანტიას” თანამშრომელმა ჯერ პოლიციას და შემდეგ მედიას მოუყვა, თუ როგორ შეიმუშავეს კრიმინალებმა ფულის გამოძალვის ახალი მეთოდი. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “დოჟდი” ავრცელებს.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თაღლითი ბანკომატში ტოვებს პლასტიკურ საბანკო ბარათს და მიდის. მოქალაქე, რომელიც მიდის ბანკომატთან და აღმოაჩენს უცნობ ბარათს, მოგვიანებით, უკავშირდება მის მეპატრონეს, ეუბნება, რომ მისი ბარათი იპოვა და თხოვს მას შეხვედრას, რომ გადასცეს.
რამდენიმე დღის შემდეგ, თაღლითი უკავშირდება ამ პატიოსან მოქალაქეს და ეუბნება, რომ მას პლასტიკურის ანგარიშზე ჰქონდა თანხა და ის აღარ არის. ამის შემდეგ, კრიმინალი მოითხოვს მისგან თანხის ანაზღაურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აშინებს, რომ ბარათზე მისი ანაბეჭდებია და მიმართავს პოლიციას.
აღსანიშნავია, რომ თაღლითი სპეციალურად ითხოვს მცირე თანხას, რომ მოქალაქემ ხელი ჩაიქნიოს, შარს თავი აარიდოს და პოლიციასთან ურთიერთობას გაექცეს. ბევრ შემთხვევაში, შეშინებული მოქალაქე, მზადაა მცირე თანხა გადაიხადოს და განერიდოს პრობლემებს. მითუმეტეს, რომ კრიმინალს წინასწარ აქვს გათვლილი და ჰყავს ყალბი მოწმეც, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს. თაღლითები, ასეთი გზით, რუსეთში, ერთი თვის განმავლობაში, საკმაოდ დიდ თანხას აკეთებენ.
სამართალდამცველები მოქალაეებს ურჩევენ, მსგავს შემთხვევებში, დაუყონებლივ დაუკავშირდნენ პოლიციას.