გია ვოლსკის შეფასებით, გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ურთიერთობა წმინდა ადამიანური ტრაგედიაა.
ვოლსკის თქმით, გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილზე შეხედულება შეიცვალეს, მას კი მათზე შეეცვალა შეხედულება.
„ცოტა გულდაწყვეტილი ვარ, რადგან არიან ადამიანები, რომელთა მხრიდან საზოგადოება ღირსეული ნაბიჯების გადადგმას ელოდება, თუნდაც გელბახიანის მხრიდან, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო. ვერ გეტყვით, რომ ბადრი პატარკაციშვილს, როგორც პილიტიკოსს, მხარს ვუჭერდი, ეს ასე არ არის. თქვენ იცით, გუბაზ სანიკიძე რა პოზიციით გამოირჩეოდა სააკაშვილის მიმართ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი მისგან რატომღაც არ მიკვირს. ვფიქრობ, რომ ეს არის წმინდა ადამიანური ტრაგედია. ისინი არ შეიძლება, მნიშვნელოვანი ძალა იყვნენ და ამას ვერც განვიხილავ. მათი შეხედულება შეიცვალა სააკაშვილზე, ჩემი შეხედულება მათზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.
გუბაზ სანიკიძემ და ვალერი გელბახიანმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში გამართული შეხვედრის საკითხზე დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. სანიკიძის თქმით, შეხვედრის სურვილი ორმხრივი იყო. ამასთან, სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის საჭიროება საქართველოში შექმნილმა მძიმე მდგომარეობამ გამოიწვია. გუბაზ სანიკიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი, რომლებიც თავის დროზე, სააკაშვილის პოლიტიკური მტრები იყვნენ, კიევში ჩავიდნენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენთან მოლაპარაკებები გამართეს.