ICC – საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი ფადი ასლი ღია წერილს აქვეყნებს. მისი თქმით, ICC არ დაესწრება მიმდინარე წლის 26 ნოემბერს დაგეგმილ ინვესტორთა საბჭოს სხდომას. მიზეზად ის იმ დამოკიდებულებას ასახელებს, რომელიც, მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობას უცხოელი ინვესტორების მიმართ იჩენს.
ფადი ასლის ღია წერილი:
“2002 წელს მისი დაარსების დღიდან, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC) ყოველთვის იყო გულახდილი და პირდაპირი კომუნიკაციაში ხელისუფლებასთან, ბიზნეს საზოგადოებასთან და ზოგადად, საქართველოს საზოგადოებასთან; ჩვენ არასდროს გვერიდებოდა გვესაუბრა პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინ იდგა, ყოველთვის ვაჟღერებდით ჩვენს რეკომენდაციებს, რათა საქართველოში გაუმჯობესებულიყო ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი.
ICC ერთგული იყო ინვესტორთა საბჭოს საქმიანობისა დღიდან მისი შექმნისა; ჩვენ რეგულარულად გამოვხატავდით ჩვენს შეშფოთებას, როდესაც მთავრობა არაპროდუქტიულ პოლიტიკას ახორციელებდა ან ღებულობდა ასეთ გადაწყვეტილებებს; ინვესტორთა საბჭოს ოქმები სავსეა ჩვენი შენიშვნებით, რჩევებით, გაფრთხილებებით თუ რეკომენდაციებით, რომ არაფერი ვთქვათ იმ ათეულობით წერილებზე, რომლებიც წლების განმავლობაში დაგზავნილი გვაქვს მთავრობის მაღალ ოფიციალურ პირებთან, თხოვნით, გადაიხედოს ესა თუ ის კანონი ან რეგულაცია, რომელიც ვნებს ეკონომიკას.
მთავრობას დღიდან ჩვენი პირველი რეკომენდაციებისა რომ მოესმინა, ჩვენი ეროვნული ვალუტა არ გაუფასურდებოდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ დავიდოდა 2006 წლის მაჩვენებელზე დაბლა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ წელსარ გახდებოდა 2012 წლსი მაჩვენებელზე ნაკლები; ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა დღეს უფრო ღარიბია, ვიდრე შვიდი წლის წინ.
აქვე ფრჩხილებს გავხსნით და ვიტყვით, რომ ისეთი მცირე ეკონომიკისთვის, როგორც საართველოსია, რომელიც ძირითადად საერთაშორისო ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ერთ სულ მოსახლეზე მშპ უნდა ყოველთვის იზომებოდეს ნომინალური ციფრებით და არა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის ციფრებით, როგორც ამას ზოგიერთი მთავრობის „ექსპერტი“ აკეთებს და, შესაბამისად, ამახინჯებს ფაქტებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
2013 წლის შემდეგ ამ მთავრობის პოლიტიკა იყო, რომ უცხოელი ინვესტორები, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებიდან, არ დაეშვათ ბაზარზე; ხან უკან აბრუნებდნენ საზღვრიდან, ან უარს ეუბნებოდნენ ბინადრობის ნებართვაზე, თუნდაც მოკლევადიანზე, ან არ აღმოუჩენდნენ მათ დახმარებას ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც ხელოვნურად იქმნებოდა, რომ ინვესტორებს იმედი გაცრუებოდათ ბიზნესის გასაგრძელებლად.
მოკლედ, ამ მთავრობამ ძლიერ შეარყია საქართველოს რეპუტაცია, როგორც ინვესტიციების მეგობრული ქვეყანა, და ICC-ს ნამდვილად აქვს უფლება გამოთქვას ამაზე აზრი, ვინაიდან პირველ რიგში სწორედ ჩვენ მოგვმართავენ ხოლმე უცხოელი ინვესტორები, რომლებიც შეისწავლიან ქვეყანას, მაგრამ ასევე მოგვმართავენ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომელსაც ისინი აწყდებიან.
გარდა ამისა, მთავრობამ გააკოტრა მრავალი ბიზნესი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ წინა ადმინისტრაციასთან სიახლოვე ან მეგობრობა; მთავრობამ ასევე
მოსპო, ან წნეხის ქვეშ გაატარა ბევრი ბიზნესი პირადი შურისძიების, ან პოლიტიკური მოსაზრებების გამო.
წელს, TBC ბანკის და ანალკიას დამფუძვნებლებზე მთავრობის მხრიდან უმიზეზო თავდასხმის მიზეზით, ყველა ქართულმა კომპანიამ, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა კვოტირებული, დაკარგა ასეულობით მილიონი დოლარი, ხოლო ქვეყნის რეპუტაცია საბოლოოდ შეირყა უცხოეთის ინვესტორთა წრეებში.
პრემიერ მინისტრმა გახარიამ კარგად იცის, რაზეც ვლაპარაკობთ; როდესაც იგი იყო ბიზნეს ომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი ან მოგვიანებით ეკონომიკის მინისტრი იყო, ჩვენ მრავალი ამგვარი და სხვა საკითხი დაგვიყენებია მის წინ.
შვიდი წლის განმავლობაში მთავრობამ მიიღო მრავალრიცხოვანი წესები და რეგულაციები, რომლებმაც ზედმეტად გაართულა, დაამძიმა და შეაფერხა ბიზნესი და ბიზნესგარემო, რითაც დაიკარგა ქვეყნის, როგორც განვითარებადი ბაზრის კონკურენტუნარიანი უპირატესობა.
ზოგი რეგულაცია დაიწერა იმისთვის, რომ შესაბამისობაში ვყოფილიყავით DCFTA-ს ნორმებთან და ჩვენს ეკონომიკას ეს ასობით მილიონი დოლარი დაუჯდა; ჩვენი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა აზრი აქვს DCFTA-ს, თუკი უცხოელ ინვესტორებს არ ეძლევათ საშუალება, ბიზნესი აწარმოონ ქვეყანაში?
წარმოიდგინეთ, რომ კომერციული მიზნებით ვიყიდეთ ძვირადღირებული ლიმუზინი, მაგრამ იგი ჩავკეტეთ ფარეხში, არ ვიყენებთ მას კომერციულად და არც სხვას ვაძლევთ მისი გამოყენების საშუალებას. ტექნიკურად, სწორედ იგივე ხდება DCFTA-სთან დაკავშირებით. ჩვენ მასში მიუღებლად მაღალ ფასს ვიხდით, მაგრამ ინვესტორებს არ ვაძლევღ შესაძლებლობას ქვეყანაში იმუშავონ და ისარგებლონ იმ მისი უპირატესობებით, რათა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და შემსუბუქდეს საკანონმდებლო შესაბამისობის ტვირთის ეკონომიკური ღირებულება.
„ინვესტორები არ დაიშვებიან“ პოლიტიკის შედეგად, ბიძინა ივანიშვილი დღეს გახდა ერთადერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაში, რაც გვკარნახობს, რომ ვახსენოთ საუბრები, რომლებიც ვრცელდება მისი გეგმების შესახებ, შეისყიდოს მთავრობისგან წყალტუბოს კომპლექსი კერძო პირადი ბიზნესისათვის.
ბ-ნი ივანიშვილი არის დე ფაქტო პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არა აქვს მნიშვნელობა, რანაირად შეფუთავს მთავრობა ამ ტრანზაქციას ან რა შაქრით დაატკბობს მას, ეთიკის, ეფექტური მმართველობის და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებით, ეს მაინც იქნება თვალსაჩინო შემთხვევა აშკარა ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციისა; ნებისმიერი ოფიციალური პირი, რომელიც მხარს დაუჭერს ან შეუწყობს ამ ტრანზაქციას, გახდება კორუფციული სქემის ნაწილი და იქონიებს შედეგებს მომავალში.
და ბოლოს, დაახლოებით ერთი თვის წინ, პრემიერ მინისტრმა გახარიამ მიიწვია ბიზნეს საზოგადოება გაფართოებულ შეხვედრაზე, დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე სასაუბროდ.
შეხვედრას ესწრებოდა ქვეყნის ყველა ბიზნეს ორგანიზაცია, უდიდესიდან უმცირესამდე. არადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის დასწრება, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი ბიზნეს ორგანიზაცია, არ იქნა მიჩნეული საჭიროდ.
ეს ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ვინაიდან 2013 წლიდან დაწყებული, ICC-ს სისტემატურად არიდებდნენ სამთავრობო შეხვედრებს, კონფერენციებს და სხვა ღონისძიებებს; ისე, ამბისთვის, ვიტყვით, რომ შვიდი წლის განმავლობაში ICC არც ერთხელ არ იქნა მიწვეული საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად.
ასეთი ქცევით მთავრობა არა ICC-ს იზოლირებას ახდენს, არამედ თავისი თავისას; ICC მსოფლიოში უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა, გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს 140 ქვეყანაში.
განსხვავებით ოფიციალური პირებისგან, ICC-ს დირექტორთა საბჭოს წევრები არ ღებულობენ ხელფასს ქვეყნის კეთილდღეობაზე საზრუნველად, ჩვენ ამას ანაზღაურების გარეშე ვაკეთებთ; სინამდვილეში, ჩვენ პირად ფინანსებს და დროს ვხარჯავთ, რათა წინ წავწიოთ ქვეყანა; ჩვენთვის ეს საქმე არის არა სამუშაო, არამედ მისიაა, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა და ამისთვის ჩვენ ხშირად გაგვიღია მსხვერპლად ჩვენი ბიზნეს ინტერესები და საფრთხის წინაშე დაგვიყენებია ჩვენი ცხოვრება.
ICC-ს დირექტორებს არ გააჩნიათ საკუთარი დღის წესრიგი, ჩვენ არ მივილტვით თანამდებობებისკენ მთავრობაში თუ პარლამენტში, არ ვცდილობთ გავიკვალოთ გზა იერარქიაში; ჩვენი ერთადერთი დღის წესრიგი არის ქვეყნის აყვავება და მისი ხალხის კეთილდღეობა; მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ხანდახან ჩვენი დღის წესრიგი კონფლიქტში მოდის ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებთან, რომელთა უპირველესი მიზანია გავლენის და პრივილეგიების შენარჩუნება, პირადი გამორჩენის გაზრდა ქვეყნის და ხალხის ხარჯზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა არ თვლის მნიშვნელოვნად ითანამშრომლოს ჩვენთან, ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავესწროთ ინვესტორთა საბჭოს 26 ნოემბრის სხდომაზე და გავაგრძელებთ კომუნიკაციას მთავრობასთან ქვეყნის სხვადასხვა მედიის მეშვეობით.
დასასრულ, მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს კოლეგას ბიზნეს საზოგადოებიდან, რომლებიც არიან საბჭოს წევრები, რომლებსაც ჯერ არ დაუკარგავთ იმედი, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად და საქართველოს წარმატებისთვის; მსურს ასევე მადლობა გადავუხადო ყველა პატიოსან და თავდადებულ მთავრობის თუ პარლამენტის წევრს, ყოფილს თუ მოქმედს, რომლებმაც გასული შვიდი წლის განმავლობაში აკეთებდნენ ან აკეთებენ ყველაფერს, რომ წინ წაწიონ ქვეყანა, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის უაზრო ბრძანებებისა და ხუშტურებისა.
ბოლო სიტყვები ეხება პრემიერ მინისტრ გახარიას, რომლის გადაწყვეტილება, გააუმჯობესოს მდგომარეობა და შეცვალოს არასწორი პოლიტიკა ჩვენთვის ნათელია. ბატონო პრემიერ მინისტრო, გულახდილად მჯერა, რომ იმ მიღწევებს, რომლებსაც თქვენ მიიღებთ მომავალ თვეებში, სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ ცარიელი ენთუზიაზმით, არ გადაიყრება ერთ დღეს ფანჯარაში ივანიშვილის მიერ.
პატივისცემით მოვითხოვ საბჭოს მდივნისგან, რომ წინმდებარე წერილი დაერთოს სხდომის ოქმს.
საუკეთესო სურვილებით,
ფადი ასლი
საბჭოს თავმჯდომარე.