იტალიაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, დღეს, ქალაქ ტურინში მდებარე იტალიურ საავტომობილო კომპანია IVECO-ს ესტუმრა და კომპანიის მიერ წარმოებული საქალაქო ავტობუსები დაათვალიერა.
როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულება 2020 წელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ახალი ავტობუსების შეძენა იქნება.
„თქვენ იცით, რომ ვაპირებთ დამატებით ავტობუსების შესყიდვას, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება ყოველმხრივ მოწესრიგებული იყოს. გარდა იმისა, რაც უკვე შევისყიდეთ, კიდევ იქნება წარმოდგენილი დიზელზე მომუშავე, „ევრო 6“-ის სტანდარტის ავტობუსები. თუმცა, ჩვენ ასევე ვამუშავებთ პროექტს ელექტროავტობუსების შესაძენად. უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროავტობუსები ძვირი ჯდება, რადგან ისინი სიახლეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მთავარი და მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული და მოქალაქეებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლოთ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.