საქართველოში აზარტულ თამაშებში მონაწილეობა 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა აეკრძალოს.
კანონპროექტის ავტორი ლევან გოგიჩაიშვილია და ამის შესახებ, “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული.
კანონპროექტის მიზანი არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, საქართველოს 25 წლამდე ასაკის და უცხო ქვეყნის 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები.
„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხოქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.
ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“-ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
ამასთან, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.”