სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თბილისის მერი კახა კალაძე იტალიაში, ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება.
კალაძე საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს ეცნობა.
“კახა კალაძე აღნიშნულ ქალაქში მდებარე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.
კომპანია IDO SRL-მა “თბილსერვის ჯგუფის” მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე”, – წერია თბილისის მერიის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ახალი წლისთვის, თბილისის მერია ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს ნაძვის ხესა და განათებებში.
სახელმწიფო შესყიდვების მონაცემთა ბაზიდან ირკვევა, რომ მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში.
ამას გარდა, მერიამ დამატებით 455 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.
ნაძვის ხეში კი ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება – ნაძვის ხის ღირებულება 305 ათასი ევრო იქნება.