თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კუს ტბაზე ასასვლელი გზის რეაბილიტაციას იწყებს. მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო.
„ვიწყებთ კუს ტბაზე ასასვლელი გზის სრულ რეაბილიტაციას. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ გზით, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ბევრი ადამიანი ამოდის დასასვენებლად და გვინდა, რომ ყველაფერი მოვაწესრიგოთ. გზა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ თვალსაზრისით, რომ სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა, მოშლილი იყო. ასევე, ამ პროექტით ფარგლებში შეიცვლება გარეგანათების ბოძები. არის კონკრეტული გზის კონკრეტული მონაკვეთები ამოსასვლელში, სადაც მიწა არის დაძრული და მოხდება გამაგრება. დღე და ღამის განმავლობაში იქნება სამუშაოები, რომ სწრაფად დავამთავროთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება სამ კილომეტრიან გზას, ასფალტის საფარი მოეწყობა 20 000 მ²-ზე და შეიცვლება გარეგანათების ქსელი. სარეაბილიტაციო პროექტისთვის 2.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ჯი არ ჯი” აწარმოებს.
სამუშაოებს ასევე გაეცნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი.