ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წნელისში განთავსებული ქართული საგუშაგო არის ეკალი, რომელიც მთელს რესპუბლიკას აყენებს ტკივილს.
ოსური მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე დე-ფაქტო „პრეზიდენტმა“ მწუხარება გამოხატა იმის გამო, რომ მხარეებმა საზღვარზე არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად გამოსავალი ვერ მოძებნეს.
„თქვენ ჩვენგან ითხოვთ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებთან დაკავშირებითაც სამხრეთ ოსეთს არაფრის გაკეთება შეუძლია. ამ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა არის მოგმართოთ თქვენ, დაგვეხმაროთ და დაარწმუნოთ საქართველო, რომ პროვოკაციული ქმედებები არ ჩაიდინოს,“ – მიმართა ბიბილოვმა თანათავმჯდომარეებს.
მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიების თითქმის ყოველი რაუნდის წინ საქართველო სხვადასხვა პროვოკაციას ახორციელებს.
„ამჯერად საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც თავად აღიარა სახელმწიფო საზღვრის მიზანმიმართულად დარღვევის ფაქტი, რაც სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ქართული პოლიტიკის გაგრძელებაა,“ – განაცხადა ბიბილოვმა.
მისივე თქმით, დროა ქართველმა მხარემ აღიაროს, რომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
შეგახსენებთ, ჟენევის თანათავმჯდომარეები ცხინვალში დე-ფაქტო „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვსა და მის წარმომადგენელს მურატ ჯიოევს შეხვდნენ. დეკემბერში დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების მოსამზადებელ შეხვედრაზე საუბარი ჩორჩანა-წნელისთან განვითარებულ მოვლენებს, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებს და უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ეხებოდა.