ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრეა – IRI

საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოდელს ემხრობა. ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაშია ნათქვამი.

IRI-ის ინფორმაციით, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი არჩევნებისთვის, თუმცა, არსებობს ამომრჩევლის მოზიდვის პოტენციალი ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევით, რაც კვლავაც საქართველოს მოქალაქეების მთავარ პრობლემად რჩება.

IRI-ის ინფორმაციით, წინამდებარე კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევას კოორდინაციას უწევდა კვლევითი კომპანიის „ბალტიის კვლევები/გელაპის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი, დოქტორი რასა ალისაუსკიენე, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დაკვეთით.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

იტვირთბა....