ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ან კალამი მეჭირა, ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რათა პროპორციულ არჩევნებზე დოკუმენტი შექმნილიყო” – უსუფაშვილი კალაძეს პასუხობს

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კახა კალაძის განცხადებას უპასუხა.

როგორც მან აღნიშნა ხელისუფლება ქვეყანაში არსებული კრიზისის განმუხტვის მცდელობის ნაცვლად, შედის კინკლაობაში ისეთ თემებზე, რომელიც სრულიად წარმოუდგენელი და გაურკვეველია, მათ შორის წარსულის თემებზე.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ ქვეყანაში მასშტაბური კრიზისი შექმნა, რომელიც მოსაგვარებელია. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელს სთავაზობს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ხელისუფლებას, ის, რაც თავად თქვენი მოქმედებით გამოიწვიეთ, ანუ შექმენით ქვეყანაში მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი, რომელზეც არა მხოლოდ საქართველო, არამედ დემოკრატიული მსოფლიო არის გადარეული, ეს არის მოსაგვარებელი. პროპორციული არჩევნები, რომელიც იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ეს არის შეუსრულებელი. ნაცვლად იმისა, რომ ამ დაპირების შესრულების ვარიანტებზე მუშაობდეთ, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ, ოპოზიცია და გთავაზობთ გერმანულ მოდელს, რომელსაც 76 ხმით შეუძლია, გადაწყვიტოს ყველა პრობლემა – ამბოხებულ მაჟორიტარებსაც მივცეთ უფლება, თავიან მაჟორიტარულ ოლქებში იყარონ კენჭი, პარლამენტში 73 მაჟორიტარი გვყავდეს და თან ოპოზიციის მოთხოვნაც შესრულდეს, რომ ჯამურად მანდატები პროპორციულად განაწილდეს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ ცვლილებას სჭირდება მხოლოდ 76 ხმა.

„ამას აღარ სჭირდება 113 ხმის მოგროვება, თუ ამხელა გავლენა აღარ გაქვთ საკუთარ გუნდში. ამას სჭირდება 76 ხმა და „ქართული ოცნებიდან“ სულ რაღაც 25-27 ხმის მობილიზება. ესეც აღარ შეგიძლიათ? ალბათ ასეა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მმართველი გუნდის მისამართით.

ამასთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს კალაძემ გამოაცხადა, რომ თურმე მე წინა საკონსტიტუციო კომისიაში თითი თითზე არ დამიდია ამ საქმის მოსაგვარებლად. მართალია, რომ თითი თითზე არ დამიდია, რადგან თითი თითზე რომ მქონოდა დადებული, ვერაფერს გავაკეთებდი, ამ თითებში ხან კალამი მეჭირა და ხან კომპიუტერზე ვაწკაპუნებდი, რადგან შექმნილიყო ეს 90 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს და, რომელშიც 90 სიტყვა არ არის შეტანილი მისი დღევანდელი თანაგუნდელების მხრიდან. ამ დოკუმენტში წერია სწორედ პროპორციული არჩევნების თაობაზე. აქვე მაქვს მტკიცებულება, რომ ეს დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით მაქვს გაგზავნილი ფრაქციებისთვის თხოვნით, რომ აგერ არის წინადადებები და იქნებ რამე გვითხრათ ხმამაღლა, მითხრათ მხარს უჭერთ თუ არ უჭერთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ამ წინადადებებზე არანაირი პასუხი არ მიუღია.

„გითხრათ რა გამომიგზავნეს პასუხი ამ საკითხზე? არაფერი, რადგან მათ არ სურდათ მაშინ პროპორციული არჩევნები. აქვეა ხელმოწერილი დოკუმენტი, საკონსტიტუციო ცვლილებები იყო ინიცირებული“, – აღნიშნა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, ტყუილი და მანიპულაციები ხელისუფლების ხასიათის თვისებად იქცა.

„ჩვენ ახლა 2019 და 2020 წლებზე ვსაუბრობთ. ამ ამბების გარჩევა თუ უნდათ, გავარჩიოთ, კი ბატონო, ყველა დოკუმენტს დავუდებ, მაგრამ დღეს პასუხია გასაცემი კითხვაზე, რას ეუბნება ხალხის სამართლიან პროტესტს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები შეიკრიბნენ.

“მეტრონომო” კახა კალაძის განცხადებას, უცვლელად გთავაზობთ. როგორც კალაძემ აღნიშნა, დავით უსუფაშვილს 4 წლის მანძილზე თითი-თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად

შეგახსენებთ, რომ პროპორციული საარცევნო სისტეიმის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის წინ აქციები იმართება.

იტვირთბა....