ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ის საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი და საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელსაც 15 ნოემბერს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამასთანავე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება”, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ექიმს, რომელსაც ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან, არსებული ინფორმაციით,  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა.

იტვირთბა....