ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძე – ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს

„ჩემი გუშინდელი ჟესტი ეკუთვნოდა არა აქციის მონაწილეებს, არამედ ჩემი დაცვის ორ თანამშრომელს,“- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ კითხვაზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.

მან გავრცელებულ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანია უწოდა.

„ვიმეორებ, რომ ეს აქციის მონაწილეების მისამართით არ ყოფილა. სადაც მე მანქანით ამოვედი, აქციის არცერთი მონაწილე არ იდგა. ისინი ცოტა ქვემოთ იდგნენ. ჩემი ჟესტი მათი მისამართით არ ყოფილა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მოამზადოს ადამიანმა ფეიკნიუსი. ეს იყო ჩემი პირადი დაცვა, რომელსაც ხელფასს მე ვუხდი და შეიძლება ვთქვა, რომ ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. რა არის ამაში პრობლემა? მე „ნაციონალურ მოძრობას“ ვურჩევდი, რომ ფროიდისეულ ჩაციკლებას მოეშვან და ჯობს, სხვა რამეებზე გაამახვილონ ყურადღება“, – განმარტა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, კონკრეტულმა ტელევიზიამ, რომელმაც აღნიშნული კადრები გაავრცელა, ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა და არ გადაამოწმა ფაქტი.

„ვფიქრობ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, რასაც სხვები არ აკეთებენ. მეც ვარ ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, როგორც თქვენ. მე ხომ ეს კონკრეტული ადამიანების მისამართით არ გამიკეთებია და არც საჯაროდ, რადგან ვიმყოფებოდი ავტომობილში და წინ იდგა მხოლოდ ჩემი დაცვა. იმ ადგილზე ჩემი ორი თანამშრომლის გარდა, არავინ იმყოფებოდა. მარტივია დააბრალო ვინმეს რამე და მერე იმან თავი იმართლოს. კონკრეტულმა ტელევიზიამ, ვინც ეს კადრები გაავრცელა, პირდაპირ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, თითქოს ჩემი ჟესტი თითქოს აქციის მონაწილეების მისამართით იყო. თქვენ დღეში ასჯერ რეკავთ ჩვენს პიარსამსახურთან და შეგეძლოთ დაგესვათ მარტივი შეკითხვა, რა იყო რა მოხდა და ვისი მისამართით იყო. მაგრამ ფაქტია, გინდოდათ შეგექმნათ ფეიკნიუსი, რასაც აკეთებთ სხვა შემთხვევებშიც“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

იტვირთბა....