ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი საზოგადოება

“მეტრონომის” ექსკლუზივი: “პატრიარქს ვთავაზობდით გადამდგარიყო… შეიძლება წმინდა სინოდი დაიშალოს”

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილთან

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ბოლო პერიოდში, არაერთ სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მამათმავლურ ცოდვაში დასდო ბრალი, ის ეპარქიის მმართველობიდან განაყენეს. მანვე ეკლესიის წიაღში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, მათ შორის ქართულ ეკლესიაში რუსულ გავლენებზეც ისაუბრა. “მხილებების” სერია მეუფე პეტრეს განცხადებებით, არ დასრულებულა. საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა. საქართველოს საპატრიარქომ კი, სასულიერო პირების განცხადებებს “ცილისმწამებლური” უწოდა.

ვინ არის სიმართლის მხარეს? არის თუ არა პრობლემები საპატრიარქოსა და კრიზისი მთლიანად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში თუ კრიზისის ინსცენირებას ახდენს ის ჯგუფი, ვისაც ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაცია სურს? რატომ საუბრობენ და რუსული გავლენების რა რეალური ნიშნები შეინიშნება ეკლესიის წიაღში? – ამ საკითხებზე “მეტრონომს” თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ესაუბრა.

“მეტრონომი”: ბ-ნო გიორგი, საქართველოს საპატრიარქოს გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების თქვენეული შეფასება როგორია? ჰქონდა თუ არა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სკანდალურ განცხადებებს რეალური საფუძველი? როგორ ფიქრობთ, საპატრიარქომ მისი განყენებით რეალურად რა უთხრა საზოგადოებას?

გიორგი ტიგინაშვილი: მეუფე პეტრეს განცხადებები გარკვეულწილად შექებას იმსახურებს გამომდინარე იქიდან, რომ ის ჯერ ცდილობდა ამ საკითხების ინიცირებას კონფიდენციალურ დონეზე წმინდა სინოდში, საპატრიარქოს ადმინისტრაციაში და ცალკეულად ინდივიდუალურ დონეზე მღვდელმთავრებთან მიმართებით. მაგრამ… როგორც აღმოჩნდა, მათ არ ჰქონდათ არავითარი მზაობა, რომ მოკვლევა, გამოძიება ჩატარებულიყო.

როდესაც საკითხი ეხება სოდომიის ცოდვას, იგივე მამათმავლობის ისეთ ფორმებს, რომლებიც პედოფილიამდეც არის დაყვანილი, მღვდელმთავრებს ჰქონდათ საკუთარი კადნიერება, ამ საკითხებზე ემსჯელათ, ვალდებულნიც კი იყვნენ ისინი, რომ მოესმინათ როგორც მინიმუმ და მიეცათ მისთვის იმის საშუალება, რომ მიეყვანა მოწმეები, წარედგინა სამხილები და მტკიცებულებები. როდესაც არ მისცეს ამის საშუალება, ბუნებრივია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათი მდგომარეობა არის სავალალო, ისინი მსჯავრს გაურბიან. თუკი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევ, რა უდგას წინ, მოუსმინო ადამიანს, იქით გაამტყუნო და შემდეგ მას დასდო ბრალი ცილისწამებასა და სპეკულაციაში. როგორც ვხედავთ, რკინის ფარდაა ჩამოშვებული. ეს მეტყველებს ერთადერთ გარემოებაზე – საპატრიარქოს იმაზე უფრო მძიმედ აქვს საქმე, ვიდრე ეს გარედან ჩანს.

– რაც შეეხება მეუფე პეტრე ცაავას მსჯავრს, ყოფილი მიტროპოლიტი კანონიკური ნორმების დაცვით “დაისაჯა”? 

– როდესაც მეუფე პეტრემ ამ საკითხებზე იმსჯელა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან იყო აგრესია, დაუნდობელი იერიში და პრაქტიკულად, ის დასაჯეს ყოველგვარი კანონიკური ნორმების მიღმა. რეალურად დაირღვა მოციქულთა  25-ე კანონი და ბასილი დიდის მე-9 კანონი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ერთდროულად ორი სასჯელის დაკისრება მღვდელმთავარზე. წესით, მას მეორე გაფრთხილება უნდა მისცემოდა. მას ჩამოართვეს ადმინისტრაციული მმართველის პოსტი და ამავდროულად, მღვდელმსახურების უფლება, ამ ნაწილში ეს უკვე არის პრობლემური საკითხი. თან მიუსადაგეს მოციქულთა 55-ე კანონი, რომელიც ეხება მღვდელს, დიაკონს და უფრო ქვედა იერარქიული საფეხურის მქონე ადამიანს და არა მღვდელმთავარს. არც კენჭისყრაზე მომხდარა მეუფეს დასჯა-არდასჯის საკითხის განხილვა – კათოლიკოს-პატრიარქიმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. ეს არის მისი სტილი. ჩვენ სპეციალისტები ამაზე ვაპელირებთ, რომ არ შეიძლება, პრეზიდენტი დაესწროს პარლამენტის სხდომას და თავად მიიღოს საპარლამენტო დადგენილება ისე, რომ კენჭისყრა არ მოხდეს.

აი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ვფიქრობ, თანდათანობით ამაზე მსჯელობა საჭიროა. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია აქ, წარმოიდგინეთ მეუფე პეტრეს მდგომარეობა – ადამიანმა დათმო სტატუსი, თანამდებობა, წოდება, პატივი, დიდება, ფინანსური რესურსები, გავლენა, საკუთარი ეპარქია, რომელიც პირადად მის აქტივზე დგას – მისი წარმატებები და მიღწევები. ადამიანი გადადის არაკომფორტულ ზონაში – აქ ხომ ჩანს, რომ ის არ არის ანგაჟირებული. სწორედ ამაში იკვეთება, რომ მას აქვს რეალურად საფუძველი იმისა, რომ ყველაფერი დათმოს სიმართლისთვის. ეს არ არის პირქუში რომანტიზმი. ეს არის რაციონალური ნაბიჯი, რომლის უკანაც მთელი რიგი არგუმენტაცია დგას, რისი წარმოჩინების საშუალებასაც მას არ აძლევენ. რატომ? – იმიტომ, რომ საქართველოს ეკლესიაში არის რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ჩამოკიდულია კათოლიკოს-პატრიარქის პირად ახირებებსა და ნება-სურვილებზე.

თქვენ, როგორც თეოლოგი, რას მიიჩნევთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ პრობლემად ?

– ყველაზე მთავარი პრობლემა მამათმავლობა არის დღეს საქართველოს ეკლესიაში და წლების მანძილზე კათოლიკოს-პატრიარქს არავინ ამ ნიშნით არ დაუსჯია. პირიქით, ვინც მას ამხელდა და ეუბნებოდა, რომ ხარ ჰომოსექსუალი, ყველას ძალიან დაუნდობლად გაუსწორდა. ყოველი მათგანი, დაახლოებით, 7-8 მღვდელმთავარი, რომელიც მას ამხელდა სხვადასხვა დროს, ყველა დასაჯა. ის მათ გაუსწორდა ზოგ შემთხვევაში ისე ცინიკურად, რომ იქით დასდო ამ ცოდვაში ბრალი. ამის ფაქტები არსებობს, ამის მომჩივანი არსებობს. არსებობს ჩანაწერები, რომელშიც პატრიარქის მამათმავლური სცენებია აღწერილი. მას ეს პრობლემა ჰქონდა, როგორც ჩანს, დიდი ხნით ადრე. მე ეს მიბმულად მიმაჩნია რუსულ გავლენებთან. ისეთ პურიტანულ, კონსერვატიულ საზოგადოებაში, სადაც პატრიარქი არის კერპი, ისაუბრო ამაზე ღიად, ეს არის ურთულესი.

– როდესაც საუბრობთ რუსულ გავლენებზე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რუსული გავლენების რა ნიშნებს ხედავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა გაძლევთ აღნიშნულ საკითხზე ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საფუძველს?

– ე.წ. ვერბოვკა ხდებოდა ამ ნიშნით. ჩემთვის, მაგალითად, სოდომის ცოდვა და რუსული გავლენები ტოლსწორია და ერთი და იგივე პრობლემაზე მიანიშნებს, რადგან მეთოდი, კონტროლის მექანიზმი იყო ჰომოსექსუალის ინტეგრირება იერარქიაში. ამ ნიშნით, რადგან მისი დელიკატური მხარე იცოდა სპეცსამსახურმა, ის იყო მართული. ამიტომ არის ეს პრობლემა და არა იმიტომ, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაში იქექები. თუმცა, რა თქმა უნდა, მინდა ჩემი პატრიარქი წმინდა იყოს. თუნდაც მოქალაქეობრივი კუთხით რომ შევხედოთ ამას, ეს მაინც პრობლემურია, რადგან ის თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი ვერ იქნება, რადგან საკუთარი მძიმე ცოდვის მძევალია. როდესაც ლიდერი არ არის სუფთა, ეს ეკლესიის მართვაზეც ისახება. სხვადასხვა დროს, პატრიარქს ვთავაზობდით, რომ ის გადამდგარიყო. კრემლი ზუსტად იმიტომ დგას ასე მყარად საქართველოში, ჰყავს თავისი რეზიდენტი პატრიარქ ილია მეორის სახით. ეს არის სიმართლე.

გავიხსენოთ იგივე კანონიერი ხელისუფლების მიმართ ილია მეორის ანტაგონიზმი და კონფრონტაცია, როდესაც ბანდფორმირებებს, დანაშაულებრივ ჯგუფებს მან ლეგიტიმაცია მიანიჭა და ოპოზიციად შერაცხა, ამასთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიაც სწუხდა. ეს გააკეთა პატრიარქმა. მან ედუარდ შევარდნაძეს მოღვაწეობას უწოდა აპოგეა წარმატებისა. ის ერთადერთი მიზეზით იყო ოპონირების რეჟიმში ზვიად გამსახურდიასთან – ზვიად გამსახურდიას ჰქონდა თეოლოგიური ცოდნა, ის იყო მომთხოვნი, პრინციპული, მთელ რიგ დარღვევებზე აპელირებდა – ამავდროულად, სოდომურ ლობზეც ეკლესიებში, მათ შორის მისი წერილებიც არსებობს, რაც არ აპატია კათოლიკოს-პატრიარქმა, იმდროინდელმა კაგებემ და შემდგომში ამას აგრძელებს ფეესბე, რომელსაც საკუთარი მდგენელის გახანგრძლივებისთვის მთავარი რეზიდენტი და ემისარი ჰყავს ორი გამოკვეთილი ფიგურა ეკლესიაში – შორენა თეთრუაშვილი და მოსაყდრე შიო მუჯირი, რომელიც არის პროექტი და ეს გამოჩნდა მეუფე იაკობის განცხადებებიდანაც, როდესაც მან დაასახელა თუ რა მზაობა ჰქონდათ “ქართული ოცნების” ცალკეული შტოს წარმომადგენლებს და ეკლესიის მესვეურებს, როდესაც მისი თქმით, მოლაპარაკება გაიმართა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ჩვენ ვხედავთ, რომ მოსაყდრე შიო არის შეგირდი ილია მეორის და ის გააგრძელებს იგივე კურსს, რაზედაც ილია მეორე მოძრაობდა. რუსეთი გამძვინვარებული ძალებით ცდილობს, რომ ბოლომდე ჩაებღაუჭოს ამ ინსტიტუციას. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული ტრენდი ბევრად უფრო ძლიერდება და იმყარებს პოზიციებს და ამას პატრონაჟს უწევს პატრიარქი, რომელიც მუდმივად არის მოსკოვის დირექტივების ქვეშ. ეს არის სამწუხარო რეალობა… რაც არ უნდა საფლავი გარედან შევლესოთ, ის ყოველთვის საკუთარ თავში გვამს ატარებს. ეს სიმყრალე, რომელიც იქ არსებობს, თანდათან ჟონავს.

– როგორ ფიქრობთ, დასრულდა თუ არა “მხილებები”?

– საპატრიარქო პრაქტიკულად თვითიზოლაციისკენ მიდის. ეს არის მათი ჩვეული, ასე ვთქვათ, სინდრომი, რომელიც წაყრუებას, იგნორირებას მოიცავს და უპატივცემულობას აბსოლუტურად საკითხების და პიროვნებების მიმართ. დიდი ალბათობით, საქართველოს საპატრიარქო პრობლემებს თვალებში არ ჩახედავს და ობიექტურ შეფასებას არ გააკეთებს. პრობლემები გაგრძელდება და ეს აგორებული ზვავი და მისი ინერცია ბევრად უფრო დააზიანებს სისტემას, ვიდრე ეს დღევანდელი სტატუს-ქვოთია  მოცემული. ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სამხილები გააჩნიათ, ზოგს პირადი წყენა აქვს და ზოგს პირადი გამოცდილება, ისინი, ბუნებრივია, თანდათანობით ალაპარაკდებიან. ეს იქნება ძალიან სიმპტომატური და სტიქიური ხასიათის. მე ველოდები უფრო ფატალისტურ მოვლენებს გამომდინარე იქიდან, რომ არასდროს 41 წლის მმართველობის ჟამს კათოლიკოს-პატრიარქს არც ერთი შეცდომა არ მოუნანიებია; არც ერთი პრობლემა ეკლესიაში არ დაუსახელებია. ის ზოგადად ამბობს, რომ არის ცოდვილი ადამიანი, რომ რაღაც შეცდომები დაუშვია – ეს არის განზოგადებული, კონკრეტიკა ამას ყოველთვის აკლდა.

– თქვით, რომ ფატალური შედეგების მოლოდინი გაქვთ, რას გულისხმობთ? 

– ინსტიტუციონალურ რღვევას. შეიძლება წმინდა სინოდი დაიშალოს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელმწიფომ რა წამს შეიძლება იგრძნოს დაქვეითება მათი რეიტინგის და გავლენის, პრაქტიკულად ყველანაირად შეიძლება შეუწყვიტოს ბენეფიტები ეკლესიას და მიატოვოს ბედის ანაბარა. ბუნებრივია, მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც ფენომენს, ექნება არსებობის საშუალება, მაგრამ შესაძლოა, ამ მიწაზე, ამ ქვეყანაში მართლმადიდებლობა პრაქტიკულად განადგურდეს როგორც ინსტიტუციური ორგანიზმი. ამის დიდ ალბათობას ვხედავ. მღვდელმთავრების შეფასებითა და წარმოდგენებით, კათოლიკოს-პატრიარქი – ვციტირებ ზოგიერთი მათგანის განცხადებას – “ეს არის ბოლო პატრიარქი”. ასეთი საკრალიზაცია და იდეალიზაციაც ხდება, რომ თითქოს ის არის კლდე, საძირკველი, საფუძველი და მის გარეშე, საქართველო მართლმადიდებლობა არ იარსებებს. ასეთი ასოციაციური წარმოდგენები ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად დაასამარებს ეკლესიას. არ შეიძლებოდა ერთი პიროვნების ავტორიტეტზე აგებულიყო ეკლესიის ღირსების პოზიციონირება.

– რაში ხედავთ გამოსავალს?

– საპატრიარქოს რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიანებულია. როდესაც თეოლოგები მივმართავდით კონფიდენციალურ დონეზე და ვთხოვდით, რომ შეგვემუშავებინა პრევენციული სტრატეგიები, ხედვა, პროგრამა, რომლის მიხედვითაც დარეგულირდებოდა ყველა პრობლემა, მათი მხრიდან მუდმივად იყო გამძაფრებული წინააღმდეგობა, რადგან ისინი თავს მიიჩნევდნენ უცდომლად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღეს ერთადერთი გამოსავალი, შესაძლოა ეს იყოს, რომ მთლიანად ჩამოიშალოს სისტემა, ეკლესიას დარჩეს მხოლოდ მართლაც სულიერი, წესიერი და პატიოსანი პირები. და ის ხალხი, ვინც დაინახავს, რომ მათთვის აღარ არის სარფიანი მღვდელმსახურება, ეპისკოპოსობა, ისინი ბუნებრივია, ჩამოშორდებიან ეკლესიას.

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

იტვირთბა....