“პროპორციულ არჩევნებს საფრთხე ემუქრება მანამდე, სანამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება იურიდიულ ძალას არ შეიძენს”, – ამის სესახებ შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის ჩავარდნისათვის საკმარისია სხვადასხვა დროს გასამართი სამი კენჭისყრიდან რომელიმეზე პარლამენტის 38 წევრის არ დასწრება, კენჭისყრაში არ მონაწილეობა ან წინააღმდეგ ხმის მიცემა. მრავალწლიანი გამოცდილების მიხედვით, სამი კვირის განმავლობაში სამჯერ გამოცხადებას დაუძლეველი ობიექტური მიზეზებით ერთხელ მაინც ვერ შეძლებს დაახლოებით 10 წევრი (ავადმყოფობა, ოჯახური მდგომარეობა, გადაუდებელი საქმე).
“შესაბამისად, პროექტის ჩასაგდებად საკმარისია პარლამენტის დაახლოებით 28 წევრის შეგნებული წინააღმდეგობა, რაც შეიძლება იყოს ღიად დეკლარირებული (წინააღმდეგ ხმის მიცემა) ან ფარულად შეთანხმებული (მოგონილი მიზეზით სხდომაზე არ გამოცხადება). სურვილის შემთხვევაში, უმარტივესია ამგვარი სცენარის ისე „მოკვარახჭინება“, რომ გარე სამყაროსთვის სათქმელიც დარჩეს „გვინდოდა, ვცადეთ, მაგრამ რა გვექნაო“…
დარწმუნებით ვიმეორებ („ვიმეოცებ“..), რომ ივანიშვილს ასეთი სცენარიც აქვს დამუშავებული და ამ „სუპერ-მღვრიე წყალში ვა-ბანკზე თევზაობის“ ოპერაციას მწვანე შუქსაც აუნთებს თუ დაასკვნა, რომ:
ა) პროპორციულ არჩევნებში 35%-ზე ნაკლებს იღებს და ხელისუფლებაში დარჩენას მხოლოდ კოალიციური პარტნიორებისთვის რეალური ძალაუფლების რეალურად განაწილებით თუ მოახერხებს; და
ბ) პროპორციული სისტემის ჩავარდნის შემთხვევაში ოპოზიციის ანგარიშგასაწევი ნაწილი არ შეუერთდება ერთიან ოპოზიციურ საკოორდინაციო სისტემას და გაყვება „ოღონდ მიშა არ მოვუშვათ“ სახელისუფლებო კამპანიას, რათა „ოცნების“ ხელშეწყობით მოიპოვოს მანდატები მოქმედი სისტემით ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში.
შესაბამისად, პროპორციული არჩევნების ჩაგდების შესაძლო გეგმის დასაბლოკად აუცილებელია ოპოზიციური ძალების მკაფიო გზავნილი ხალხს და ხელისუფლებას – საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების (ანუ, ძალაუფლების უზურპაციის) შემთხვევაში გავერთიანდებით დემოკრატიული საქართველოს გადარჩენის საარჩევნო ბლოკში, ყოველ მაჟორიტარულ ოლქში სახელისუფლებო კანდიდატს დავამარცხებთ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატით და პროპორციული არჩევნების ჩატარებამდე ქვეყანას გაუძღვება ფართო წარმომადგენლობის ეროვნული თანხმობის კოალიცია. „შენების მოძრაობა“ კვლავ ადასტურებს საამისო მზაობას“, – აცხადებს უსუფაშვილი.