ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილისში სასმელ წყალს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და მას პრობლემა არ გააჩნია” – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განაცხადებით თბილისში სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია და შესაბამისი კომპანია ლაბორატორიულ კვლევებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, თბილისის ზღვასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ბევრ არასწორ ინფორმაციას ვისმენდით. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა, არსებული სიტუაცია ძირეულად შეესწავლა და პრობლემის გადაჭრის გზები დაგვესახა. შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იყო მერიის მუნიციპალური ინსპექციის, გარემოს დაცვის ინსპექციის, „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები. მთლიანად თბილისის ზღვის ირგვლივ არსებული პერიმეტრის შემოწმების სამუშაოები დაიწყო. გამოვლინდა რამდენიმე წერტილი. საქმე გვქონდა, როგორც იურიდიული პირების მხრიდან, ასევე, კერძო დასახლებებიდან გამომდინარე უკანონო ჩადინებებთან, თუმცა მინდა მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდო, რომ საუბარი არ არის სასმელ წყალზე, რადგან მას ყოველდღიურად უტარდება ლაბორატორიული კვლევები. ამას აკეთებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელსაც წყლის ხარისხიანად მოწოდების ვალდებულება აქვს. შემიძლია 100%-ით, დანამდვილებით გითხრათ, რომ სასმელ წყალს პრობლემა არ გააჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ზღვაზე უკანონო დაერთების რამდენიმე ფაქტი გამოიკვეთა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ თბილისის ზღვაში წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინება, არასწორია.

„ზოგადად, თბილისის ზღვაზე გამოიკვეთა გარკვეული არასწორი დაერთებები. მაგალითად, ივერთუბნის დასახლებაში, სადაც დაახლოებით, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, წლების წინ, დედაქალაქის მერიამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დღეს კი ვაწყდებით ბევრ შემთხვევას, რომ მოხდა უკანონო ჭრები და შემდეგ, ამ სანიაღვრე ქსელზე წყალარინების ქსელის პირდაპირი დაერთებები. ეს ყველაფერი თბილისის ზღვის ახლოს მდებარე პატარა ტბაში ჩაედინება. ნალექიან ამინდში კი გარკვეულწილად, თბილისის ზღვაში გადაედინება. ეს სერიოზული პრობლემაა. გარდა ამისა, საუბარი იყო, რომ თითქოს, წყალარინები აზბესტის მილებით ჩაედინებოდა თბილისის ზღვაში. ეს არასწორი ინფორმაციაა, თუმცა „თბილსერვის ჯგუფმა“ ზღვაში გადაყრილი აზბესტის მილების ნარჩენები აღმოაჩინა და ტერიტორია დაასუფთავა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

იტვირთბა....