“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ფილმში – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამასთან ერთად, სახალხო დამცველის ოფისში მივიდა და ნინო ლომჯარიას წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდა. ბრეგაძის განცხადებით, ფილმის რეჟისორმა, ლევან აკინმა ბავშვის უფლება დაარღვია, რადგან ფილმის შინაარსის შესახებ ოჯახი გაფრთხილებული არ იყო.
“ჩვენ დღეს გავაშიშვლეთ სახალხო დამცველი. ეს იყო ჩვენი მისია, რომ მთელი მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ეს არანაირი სახალხო დამცველი არ არის, ეს არის გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების დამცველი. ეს არის სახალხო დამცველი კი არა, სახალხო დამრღვევი… ახლა მომისმინე ლომჯარია – დაახლოებით, ერთ კვირაში, რამდენიმე ათას კაცთან ერთად მე მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში, ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი – ეს არის პოლიტიკური სანაგვე. გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ შენ ხარ უნამუსო ადამიანი; შენ ხარ მოძალადე; შენ ხარ კანონდამრღვევი და ახლა გინდა დაიმალე, გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი. ერთ კვირაში ვაანონსებ “ქართული მარშის” და გაერთიანებული ეროვნული ძალების გრანდიოზულ აქციას სახალხო დამცველის ოფისთან”, – უთხრა ომბუდსმენის ოფისში მისულმა ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებს.
რაც შეეხება არასრულწლოვნის მამას, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ თავს მოტყუებულად გრძნობს, რადგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფილმს ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ.
“რომ გადაიღეს, ათი წლის იყო – წინა წელს. არ გვითხრეს, შემდგომში რა კადრები მოჰყვებოდა. არასრულწლოვან ბავშვს რომ წაიყვან, “ოსკარის” დაჯილდოებაზე, ბავშვი ხომ გთხოვს – მაყურებინე და მე არასრულწლოვანს როგორ ვაყურებინო ეს რაღაც გაუკუღმართებული კადრები. ჩვენ გვითხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს. მოტყუებული გამოვდივარ, აბა რა გამოვდივარ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან არასრულწლოვნის მამამ.
თავად ნინო ლომჯარიას მოადგილე კი აცხადებს, რომ შეხვედრისთვის ომბუდსმენის აპარატი გახსნილია, თუმცა “დესტრუქციული თვალსაზრისით” შეხვედრის გამართვა ვერ მოხერხდება.
“ბატონ სანდრო ბრეგაძეს უნდოდა შეხვედრა იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო დამცველის მიერ გაკეთდა რადიკალური ჯგუფების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება იყო, რომ ამასთან დაკავშირებით მისი აზრი უნდა მოგვესმინა. ბუნებრივია, ჩვენ გახსნილები ვართ შეხვედრისთვის. შემდგომ როგორც აღმოჩნდა, მან აქცია დაანონსა, განაცხადა, რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა. მე მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატში ვერ მოხდებოდა შეხვედრის გამართვა. მას უნდა მოემართა წერილობით და ამის შესახებ შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებდით”, – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.