წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. სასულიერო პირების თქმით, ადამიანებს, ვისაც “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასგან, აკრძალული აქვთ წესის აგება. ამის შესახებ ინფორმაციას “გირჩი” ავრცელებს.
ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურთ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.
ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო, კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად. აღნიშნული ცნობის შესახებ, ოჯახმა შეატყობინა, როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს.