ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიინევს, რომ ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” მცირეწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღეს და მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის რეჟისორი ლევან აკინი გამოკითხოს.
ლორთქიფანიძის მტკიცებით, მშობლები ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის დასჯას ითხოვენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გავაკეთებ განცხადებას – თუკი ლევან აკინი იმყოფება საქართველოში, ყველა პრევენციული ზომა იქნას მიღებული, რომ ამ ადამიანმა არ დატოვოს საქართველო, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებს აქვთ. ეპიზოდური კადრების მოპოვება მოტყუების გზით განხორციელდა. შემოქმედებითი ჯგუფი სსკ-ის 143-ე პრიმა, ტრეფიკინგის მუხლით უნდა გასამართლდეს. ბავშვებს სჭირდებათ ფსიქოლოგების დახმარება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ იცეკვეს, ახლა დაიწყება მთავარი სამართლებრივი პროცესები. ყველა პირი, რომელსაც ამხელენ მშობლები ამ ტყუილის ინსპირაციაში, უნდა იყვნენ დაკითხულები და შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, მანამდე ლორთქიფანიძემ შსს-ს მიმართა, ფილმში პორნოგრაფიული ელემენტები შეესწავლა და მანამდე ჩვენება შეეჩერებინა, თუმც უწყებამ აღნიშნული ლევან აკინის ნამუშევარში ვერ აღმოაჩინა.