რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო – ამის შესახებ განცხადება “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა.
სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მას დღეს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი დაუკავშირდა, რომელმაც განუცხადა, რომ ფილმში მოტყუებით გადაიღეს.
„დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, მშობლები მოითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ლევან აკინისა და ამ ფილმის შემქმნელების მიმართ. მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. რეალურად, ეს ბავშვები გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის გამოიყენა. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ლევან აკინს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა მითხრა, 5-6 ბავშვზეა საუბარი, კადრებიც გამომიგზავნა, სადაც მისი შვილია გადაღებული”, -განაცხადა ბრეგაძემ.
მისივე განმარტებით, გუშინ სამართალდამცავებმა “ქართული მარშის” 5 წევრი დააკავეს.
შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.