ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში ცხოვრობდნენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები” – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, გუშინდელ მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები

კალაძის თქმით, საქართველოში ყოველთვის ყველას უფლება დაცული იქნება.

„ძალიან ცუდი სანახავი იყო ის, რაც გუშინ მოხდა. ძალიან სამწუხაროა. საქართველოში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მომავალშიც იცხოვრებენ განსხვავებული ეროვნების, სარწმუნოების და ორიენტაციის ადამიანები. ყოველთვის ყველას უფლებები დაცული იყო, დღესაც დაცულია და მომავალშიც იქნება დაცული,” – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ. კალაძის თქმით, ოპოზიცია და ამ აქციის ორგანიზატორები, მათ შორის ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე, „ერთმანეთს აცოცხლებენ“.

„ჩვენ ორ რადიკალურ ძალასთან გვაქვს საქმე. ერთი – ის ადამიანები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და მეორე ის ოპოზიცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს აცოცხლებს. ვფიქრობ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ანალიზზსაც სწორს გააკეთებს,”- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, „ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გააპროტესტეს.  შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

იტვირთბა....