“გამონაკლისის სახით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება” – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეკანოზ გიორგი მამალაძის გამონაკლისის წესით შეწყალების საკითხს.
მისი თქმით, უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რადგანაც არსებობს პატიმრები, რომლებიც წელიწადზე მეტია შეწყალებას ელოდებიან.
„გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ შარშან დავაფიქსირე პოზიცია, როდესაც ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. ჩემი ერთი ხმა მივეცი მის შეწყალებას და მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ მაშინ, როდესაც ამდენი პატიმარი უკვე წელიწადია, ელოდება, დადგინდეს ეს კრიტერიუმები, ისინი ელოდებიან შეწყალების პროცედურას, გამონაკლისის სახით ვიღაცას პრივილეგია არ უნდა მიენიჭოს მხოლოდ იმის გამო, რომ სინოდმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშავოს შეწყალების პროცედურები და კრიტერიუმები, ამ ჭრილში განიხილოს არა მხოლოდ მამალაძის, არამედ სხვა იმ პირთა შეწყალების საკითხები, რომლებიც ელოდებიან პრეზიდენტის გადაწყვეტილებას” – აღნიშნა ომბუდსმენმა.