ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო სუხიშვილი – ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია

ანსამბლ “სუხიშვილიდების“ გენერალური დირექტორის, ნინო სუხიშვილის განცხადებით, რეჟისორი ლევან აკინი ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაღებას სუხიშვილების ბაზაზე გეგმავდა, რაზეც ნინო სუხიშვილისგან უარი მიიღო.

როგორც ნინო სუხიშვილმა “პრაიმტაიმს” განუცხადა, მან რეჟისორს უთხრა, რომ ქართული ცეკვა არის კაცური და სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა.

“ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი. ჩემს კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა, ჯერ ერთი დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლია. სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ბევრი ცეკვა ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მან მიპასუხა, მე ვარ გეი და ამიტომ მინდა მამაკაცების სიყვარულზე გადავიღო ფილმიო. ვუპასუხე, გასაგებია, გადაიღეთ, მაგრამ „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვა ამ ფილმის გადაღება-მეთქი. უარი ვუთხარი და დავემშვიდობეთ. მე სხვა სტუდიის და ანსამბლის მოცეკვავეები რაში მეხება? მე რა ბერკეტები მაქვს, ვინმეს სადმე რამე ავუკრძალო? რაში მეხება სხვა მოცეკვავე? რა უფლება მაქვს დავბლოკო?”, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში ლევანი ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ გენერალურ დირექტორს, ნინო სუხიშვილს მისთვის მოცეკვავეების დაბლოკვაში ადანაშაულებს.

„გადაღებების დაწყებამდე ჩვენ შევხვდით საქართველოს ეროვნული ბალეტის წარმომადგენელ ნინო სუხიშვილსაც, მისი რეაქცია კი შემდეგნაირი იყო: „რატომ არ შეიძლება, რომ ამ ბიჭს გოგო შეუყვარდეს? ქართულ ცეკვაში გეი არ არსებობს“. ჩვენ მართლა ძალიან გამოგვადგებოდა მისი დახმარება, მაგრამ მან მხარი არ დაგვიჭირა. ამას გარდა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მან სხვა საცეკვაო კომპანიებს დაურეკა და მოცეკვავეებს ფილმში მონაწილეობის მიღება აუკრძალა. სუხიშვილმა მათ უთხრა, რომ ისინი ვეღარასოდეს იცეკვებდნენ, დაბლოკავდა- ამბობს ინტერვიუში აკინი.

შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ნამუშევრის პრემიერა ქართულ კინოთეატრებში ხვალ გაიმართება.

იტვირთბა....