“თუ სინოდზე ე.წ. ციანიდის საქმეს არ განიხილავენ, ვიტყვი იმას, რისი თქმაც ჩემს ძმას სურს” – ამის შესახებ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ განაცხადა.
მისი თქმით თუ სინოდის სხდომაზე არ დააყენებენ მისი ძმის საკითხს, პრობლემებზე საჯაროდ ალაპარაკდება. ის ერთადერთ ალტერნმატივად ხედავს ინფორმაციის ტელევიზიის ეთერით მიაწოდებას ეპისკოპოსებისთვის.
“გამოჩნდება ყველაფერი ხვალ, მე რა თქმა უნდა, იმედი მაქვს… არც ის მინდა ვთქვა, რომ ვინმეს ვემუქრები. ალტერნატიულ გზად მიმაჩნია ის, რომ თუ არ მოხდება წმინდა სინოდზე ჩემი ძმის საკითხის განხილვა, ის ინფორმაციები, რაც თუნდაც იმ წერილში წერია, მე გავასაჯაროვო. თუ არ შედგება სინოდზე ჩემი ან ჩემი ძმის გამოკითხვა, ან კომისია თუ არ შედგება იმ საკითხზე, რა საკითხზეც დღემდე გრძელდება პრობლემა საპატრიარქოში, მე მიმაჩნია, ერთადერთი ალტერნმატივაა დავჯდე ეთერში… ვიტყვი იმას, რისი თქმაც სურს ჩემს ძმას სინოდზე, რისი თქმაც სურდა, სანამ დააპატიმრებდნენ. მას მანამდე უნდოდა სინოდზე გასვლა, თუმცა უთხრეს, ცოტა ხანი გვადროვეთო და დააპატიმრეს”,— ამბობს თორნიკე მამალაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია. რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.