ახალი ამბები მთავარი სამართალი

“აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო” – რა ვერსია აქვს დაღუპული, 29 წლის ბიჭის ოჯახს

5-დღიანი ძებნის შემდეგ 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს გამომძიებლებმა ტყეში, რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს.

ფოტოკამერამ სანდრო ბერაძე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს 18 საათსა და 46 წუთზე დააფიქსირა.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურებმა და დაკარგულის მეგობრებმა ცხვარიჭამიას ტყეში სანდრო ბერაძის ძებნა ორი დღის წინ დაიწყეს. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა რომ დაკარგული ბიჭის მობილურის სიხშირე ანძების მიხედვით ბოლოს ცხვარიჭამიის ტყეში დაფიქსირდა.

ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ბერაძის ოჯახში, ერთ ვერსიას განიხილავენ. 29 წლის ბიჭი გაუჩინარებამდე მამას შეხვდა და მასთან ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა.

სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ლელუბანში ტაქსმა დატოვა.

სანდროს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს გავრცელდა.

დაკარგულის დედა ამბობდა, რომ შვილს ბოლოს, 25 ოქტომბერს, შუადღისას, ტელეფონით ესაუბრა. დედის თქმით, სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული, რის გამოც ბოლო სატელეფონო საუბრისას, დედას ბოდიში მოუხადა.

„შუადღისას დამირეკა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. დაგვემშვიდობა, მეც თავის ძმასაც ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, აღარ ვაპირებ ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებაში ყოფნასო“, – ამბობდა დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.

ამ დროისთვის ცხვარიჭამიის ტყეში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იტვირთბა....