“მეტრონომს” დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ გორში, “ნიკორას” მაღაზიაში იყიდეს ლობიანი, რომელშიც მწერები, კერძოდ ჭიები აღმოაჩინეს. ისინი გვიგზავნიან ფოტოს, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ.
“ნიკორაში (ყოფილი ბიას შენობაში) შეძენილი ლობიანი… აი, თურმე რითი ვიკვებებით… მე და ჩემი მეგობარი შესვენებაზე შევედით ნიკორაში და ესეთი ლობიანი ვიყიდეთ. რა თქმა უნდა მივბრუნდით უკან და საკადრისი პასუხი გავეცით, მაგრამ ვის რად უნდა მაგათი ბოდიშები. იცოდეთ თქვენც, რას ვჭამთ, ხალხოო” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე მარი ჯანეზაშვილი.
“მეტრონომი” დაუკავშირდა მარი ჯანეზაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ თუკი ვინმე დაინტერესდება, შეუძლია ნახოს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მაღაზიაშივეა განთავსებული.
“ჩვენ კონსულტანტებს ვაჩვენეთ ლობიანი და მათ თავიანთი თვალით ნახეს, რომ ლობიანში ჭიები ნამდვილად იყო და ბოდიშებიც გვიხადეს. ვისურვებდი, აღნიშნულ მაღაზიაში ჩატარდეს ძირფესვიანი შემოწმება, რადგან არავინ აღმოჩნდეს ჩვენს დღეში, მე სხვა ინტერესი არ მაქვს ნამდვილად” – უთხრა “მეტრონომს” მარი ჯანეზაშვილმა.
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ნიკორას” მარკეტინგის სამსახურის უფროსს, გვანცა ცოგოშვილს, რომელმაც კომპანიის ხარისხის მართვის განყოფილებისკენ მიგვითითა. მოგვიანებით, ხარისხის მართვის განყოფილების უფროსმა ხათუნა მაღლაკელიძემ, ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, პასუხად, წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც ვკითხულობთ:
“გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მომხმარებლის მხრიდან ჩვენს კომპანიაში შეძენილ ლობიანში აღმოჩენილ მწერების ფაქტს.
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ქალაქ გორის ერთ-ერთ ფილიალში მომხმარებელმა მოაბრუნა ლობიანი, რომელიც მისი თქმით, შეიძინა ჩვენთან და მასში იყო გაურკვეველი ჭიები, თუმცა ადგილზე პროდუქტის დათვალიერებისას არ აღმოჩნდა არაფერი. მას დამადასტურებელ საბუთად წარმოდგენილი აქვს ფოტოსურათი.
აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდეგ გადამოწმდა მთლიანად საწარმო, ნედლეული, სხვა მზა პროდუქცია (გამომცხვარი ლობიანი). გადამოწმების შედეგად არცერთ მათგანში არ აღმოჩენილა წუნი. გვიჭირს ვარაუდის დონეზე ვისაუბროთ მხოლოდ ერთ ლობიანში აღმოჩენილი ფაქტის შესახებ, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოსულა პირვანდელი სახით.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებელი და მათი ლოიალობა, შესაბამისად მუდმივად ვცდილობთ დავიცვათ წარმოების მაღალი სტანდარტი და ნედლეულიც იყოს სუფთა და ხარისხიანი. ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლებიც თავის მხრივ მუდმივად ამოწმებენ ჩვენს კომპანიაში არსებულ მდგომარეობას”. – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ განცხადებაში.