ყოფილი თავდაცვისა და შინგან საქმეთა მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკური ლიდერი, არ დაუბრუნდება. ამის შესახებ ბაჩო ახალაიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
თუმცა, როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად და ამომრჩევლად რჩება.
„პარტიის წევრი ფორმალურად არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ გაწევრიანებას. მის მხარდამჭერად და ამომრჩევლად კი, მომავალშიც ისევე დავრჩები, როგორც დღეს ვარ. ამავე კონტექსტში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა: ჩემთან დაკავშირებით მსმენია შემდეგი სიტყვებით გამოხატული მოსაზრება – „ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ უნდა ადამიანს, პარტიულ პოლიტიკას ვერავინ დაუშლის, ამისთვისაც ხომ ზის“. სინამდვილეში მართალია, ვერავინ, ვერავის, ვერაფერს დაუშლის. ყველას შეუძლია მათ შორის მეც, მაგრამ სინამდვილეში „ამისთვის არ ვზივარ“. ეს არ იყო ჩემი მოტივატორი და გულწრფელად, რომ ვთქვა, ასეთი შეფარდება ცოტა არ იყოს, ძვირადღირებულადაც კი მიმაჩნია“, – აცხადებს ახალაია.
მისივე განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს მასზე ბევრად უფრო საინტერესო და უფრო ენერგიული პოლიტიკოსები ჰყავს.
„არანაირ პარტიულ პოზიციაზე ბუნებრივია, არანაირი პრეტენზია არ მექნება. თუმცა, ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სრულად საპირისპირო მისწრაფებების ქონის შემთხვევაში რაიმე დაუსაბუთებელი პარტიული ამბიციები რომ გამჩენოდა, ვფიქრობ, არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვდებოდნენ ასეთ მისწრაფებებს ენთუზიაზმით, რაც სრულიად პრაგმატული და გონივრული იქნებოდა. გარდა ამისა, ისედაც ხომ არსებობს ძალიან ანგარიშგასაწევი სხვა გარემოებაც. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ჩემზე ბევრად უფრო საინტერესო, უფრო ენერგიული და უფრო მიმზიდველი პოლიტიკოსები ჰყავს, მათ შორის, როგორც ძველი, ისე ახალი თაობიდან. რაც შემეხება მე, ამ თვალსაზრისით ნამდვილად შევდივარ იმ პირთა წრეში, რომლებსაც დღევანდელი რეალობით ალბათ, მხოლოდ დისკომფორტის მოტანა შეუძლია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე მისი პოლიტიკური პარტნიორებისთვის. მერწმუნეთ, ასეთი სურათი ტრაგიკომიკური იქნებოდა, რაც თავისთავად დაძაბულობას შეიტანდა ოპოზიციაში, ხელისუფლებას კი ნამდვილად სიამოვნებას მიანიჭებდა“, – განაცხადა ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 2012 წლის 7 ნოემბერს დააკავეს.