ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს მხოლოდ ინიციატივაა” – ხუხაშვილი კოფის შეთავაზებაზე საუბრობს

აშშ-ის ჯარების საქართველოში განლაგების შესახებ ლუკ კოფის ინიციატივას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას გამოეხმაურა. ხუხაშვილის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატები, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს და კოფის ინიციატივა ინიციატივადვე დარჩება.

“სასიამოვნო ინიციატივაა, მაგრამ ეს მხოლოდ ინიციატივაა და არა მგონია, რომ აშშ-ის მხრიდან მსგავსი წინადადების განხილვა მართლა მოხდეს. შტატებმა იცის, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ გადაწყვეტილებას იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს შექმნილია თურქეთი-სირია-აშშ-რუსეთთთან მიმართებაში”, – განუცხადა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გაყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ლუკ კოფმა, “ტვიტერის” გვერდზე გამოაქვეყნა.

„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.

კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული. კოფის „ტვიტერის“ გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.

„ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, – აღნიშნავს ლუკ კოფი.

იტვირთბა....