აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს დღეს, 25 ოქტომბერს აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრები. ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს.
როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას.
„ვფიქრობდით, რომ უმაღლეს საბჭოში, რომელსაც ეს მაღალი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯერ კომისიის წევრების და შემდეგ მრჩევლების შერჩევის, ჩვენი განცხადება იქნებოდა ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ შერჩევის პროცესს. პირველი ნაბიჯი გადადგა უმაღლესმა საბჭომ და ამით გვანიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული აღარ იქნება,“ – თქვა გადაცემა „სათქმელში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მაია მერკვილაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დადგა საფრთხის წინაშე.
„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღეს ეთერში მითხრა, რომ კანონი რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო უნდა დააკომპლექტეს არის ხარვეზიანი. ეს მან იცის, მაგრამ ხარვეზიანი კანონის მიუხედავად, უმაღლესი საბჭო 25 ოქტომბერს აპირებს აირჩიოს „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები.
ყველაფერი დაიწყო ექვსი თვის წინ, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო რისკი სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის. ამის შემდეგ მეოთხე კონკურსზე ვიგებთ, რომ გოგა კოხრეიძე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, აჩერებს მეოთხე კონკურსს. ახლა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დგას საფრთხის წინაშე. მივედით იქამდე, რომ უმაღლესმა საბჭომ ვერც კომისიის დაკომპლექტებამდე მოახერხა ისე, რომ კითხვები არ გაჩენილიყო და ვერც ამ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას მოახერხა ის, რომ კითხვები არ გაჩენილიყო,“ – თქვა გადაცემა „სათქმელში“ თეონა ბაკურიძემ.