არჩილ თალაკვაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონები გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ იყოს მიღებული.
მისივე თქმით, განხილვის ერთ-ერთი საკითხი „შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები იყო. ამასთან, საუბარი შეეხო საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და სხვა სამომავლო რეფორმებს.
„ჩვენი პოზიციაა, მნიშვნელოვანი კანონების მიღება მოხდეს გავლენის შეფასებისა და შესაბამის სექტორებთან კომუნიკაციის შემდეგ. უნდა შეიცვალოს პრაქტიკა, რომელიც წარსულში, თუნდაც წინა ადმინისტრაციის დროს იყო, როცა ჯერ კანონებს ვიღებდით და მერე ვამოწმებდით, კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ გვაქვს კარგი ანდაზა ქართულში – „ცხრაჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. სჯობს, ჯერ გავზომოთ და მერე გავჭრათ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, შეხვედრას პარლამენტის ბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ.