ბლოგები მთავარი პოლიტიკა

შესაძლებელია თუ არა დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება? (ბლოგი)

2019 წლის 20 აპრილს დავით გარეჯში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის დავით გარეჯთან და მასზე გამავალ სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების სასწრაფო გადაწყვეტის საჭიროებაზე საუბრობდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სამ მონასტრამდე მისასვლელი გზა მნახველებისთვის დახურეს, რამაც მომდევნო თვეებში ქართული საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. საზოგადოებრივი განწყობების ამგვარმა განვითარებამ შექმნა სივრცეები პოლიტიკური ძალებისთვის საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ეს საფრთხეს უქმნის ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და, შესაბამისად, საჭიროა იმ ალტერნატივების ძიება და შეფასება, რომლებიც გადაწყვეტის სახით შეიძლება, შეიძლება, გამონახონ ორი ქვეყნის ლიდერებმა.

 

სივრცე პოლიტიკური ძალებისთვის საზოგადოებრივი განწყობების სამართავად

სხვადასხვა გამოწვევების კვალდაკვალ მმართველ და ოპოზიუციურ პოლიტიკურ პარტიებს დავით გარეჯის საკითხის საზოგადოების მათთვის სასარგებლო მობილიზაციისთვის გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ.
15 ივნისს „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდებით თბილისის თავისუფლების მოედანზე ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა აქციაზე სახელწოდებით „დავით გარეჯი საქართველოა“. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაცია, საკუთრივ, დავით გარეჯის გარშემო გაღვივებულ პრობლემას ეძღვნებოდა, აქციის ორგანიზატორების გამოსვლები ატარებდა მკვეთრად ანტიდასავლურ, ნატოს საწინააღმდეგო და პრორუსულ ხასიათსაც. ორგანიზატორების მხრიდან აქვე გაჟღერდა საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის იდეაც. ალიანსის მიერ ამ ხარისხის მგრძნობიარე საკითხის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავს იჩენდა მიმართვების იმ ნაწილშიც, სადაც ორგანიზატორები დავით გარეჯის პრობლემაზე საუბრობდნენ. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ზოგადი რიტორიკიდან გამოჩნდა, ლიდერები დავით გარეჯის პრობლემის ისტორიულ მიზეზებზე საუბრისას, პრაქტიკულად, უგულვებელყოფენ ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ტერიტორიულ მანიპულაციებს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, და არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტს უკავშირებენ საკითხის გამწვავებას. მათთვის კრიტიკის უმთავრეს საგანს თავად აზერბაიჯანული მხარე და წინა ხელისუფლების დროს შექმნილი დემარკაცია-დელიმიტაციის კომისია წარმოადგენს. ამგვარად, ცხადია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული ამ მასშტაბის ღონისძიების უპირველესი მიზანი იყო არა იმდენად საკითხის გადაჭრაზე მსჯელობა, არამედ ემოციურად მობილიზებულ საზოგადოებაში ნაციონალისტური განწყობების გაღვივება და პლატფორმის შექმნა პრიორიტეტული პოლიტიკური მესიჯების გასაჟღერებლად.
დავით გარეჯის პრობლემის გააქტიურებამ საშუალება მისცა მმართველ პარტიასაც, საკითხი მისთვის სასარგებლოდ გამოეყენებინა, განსაკუთრებით კი 20 ივნისის ღამეს და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების ფონზე შელახული ავტორიტეტის აღსადგენად. ამავდროულად, მასების მეხსიერებაში დავით გარეჯის პრობლემის სათავედ სწორედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ილჰამ ალიევთან შეხვედრა და მის მიერ დავით გარეჯიდან გაკეთებული ვიდეო-განცხადება რჩებოდა. ამგვარად, გიორგი გახარიასა, როგორც ახლადდამტკიცებული პრემიერისთვის, და მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა დავით გარეჯის გამწვავებული საკითხის ყველასთვის მისაღები პირობებით მოგვარება თუნდაც მოკლევადიანი გათვლებით. 2019 წლის 9 ოქტომბერს ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გახარიამ განაცხადა, რომ მომდევნო დღიდან დავით გარეჯის დახურული მონასტრები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება მთლად ზუსტი არ აღმოჩნდა, ფაქტია, რომ პრემიერის მიერ განხორციელებული პირველივე საერთაშორისო აქტივობის ამგვარი შედეგიანობა, შეიძლება, „ქართული ოცნების“ და მისი მთავრობის ახალი ხელმძღვანელის შერყეული იმიჯის გაუმჯობესებისა და საარჩევნოდ მომზადების გზაზე წარმატებულ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ამასთან, მმართველი ძალისთვის მნიშვნელოვან აქტივად, შეიძლება, ჩაითვალოს ოფიციალურ ვიზიტამდე საქართველოს პატრიარქის მიერ საჯაროდ გამოხატული სურვილის პირველ ეტაპზე წარმატებით შესრულება. რელიგიურად მნიშვნელოვანი საკითხის ამგვარი გადაჭრა მმართველ პარტიას ზოგად საზოგადოებრივ კეთილგანწყობასთან ერთად, სავარაუდოდ, ეკლესიის მხარდაჭერასაც გაუზრდის.

 

შესაძლებელია თუ არა დავით გარეჯის პრობლემის მოგვარება?

1996 წელს შექმნილმა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის თითქმის 25-წლიანმა მუშაობამ, მართალია, საბოლოო გადაწყვეტის გზები დღემდე ვერ დაადგინა, მაგრამ შეიქმნა გარკვეული სურათი, თუ რა შესაძლებლობები შეიძლება, ჰქონდეთ მხარეებს პრობლემის მოსაგვარებლად.
ქართული მხარე მოლაპარაკებების პროცესში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აყენებს ტერიტორიების გაცვლის საკითხს, თუნდაც უფრო დიდი ტერიტორიების შეთავაზების სანაცვლოდ. თუმცა აზერბაიჯანული მხარე ამ წინადადებას არ თანხმდება, რადგან მისთვის ეს სამი მონასტერი ალბანური მემკვიდრეობის ნაწილია. ძეგლს ორივე ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის ფუნქცია გააჩნია, ამიტომ პრობლემის გადაჭრის ეს გზა, ერთი შეხედვით, ყველაზე მიმზიდველია ქართული მხარისთვის, თუმცა ამავე დროს უტოპიურია აზერბაიჯანის უარყოფითი პოზიციის გათვალისწინებით.
კონფლიქტის მოგვარების ალტერნატივებს შორის, შეიძლება, განვიხილოთ სადავო ტერიტორიის ერთობლივი ან საერთაშორისო განკარგვის გზები, თუკი მხარეები ამაზე შეთანხმებას მოახერხებენ. მაგალითად, შესაძლებელია, რომ დავით გარეჯის ტერიტორიამ შეიძინოს დაცული ტერიტორიის სტატუსი და მოხდეს მისი ერთობლივი მართვა-გამოყენება გაზიარებული სუვერენიტეტის არაერთი საერთაშორისო პრეცედენტის გათვალისწინებით. იგივე საერთაშორისო გამოცდილება ასევე გვთავაზობს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სადავო ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად მესამე მხარეს – ნეიტრალურ სახელმწიფოს ან სხვა ინსტიტუტს – მიმართავენ. ამგვარი გამოცდილებების გაზიარება დავით გარეჯის საკითხის პოლიტიკურ დონეზე მოგვარების გზაზე შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იყოს. პრობლემის გადაჭრის ეს გზები, ერთი მხრივ, გამოწვევაა აზერბაიჯანისა და საქართველოს ამბიციებისთვის, სრულად განკარგონ სადავო ტერიტორია, რადგან აღნიშნულ დავას პოლიტიკურთან ერთად მკვეთრი ნაციონალისტური კონტექსტიც აქვს ღრმა კულტურულ-რელიგიური ფესვების სახით. თუმცა, მეორე მხრივ, შეიძლება, ორივე სცენარი მიმზიდველ წინადადებად ჟღერდეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად კეთილმეზობრლურ ურთიერთობებში კონფლიქტური საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის თვალსაზრისით. ამ ყველაფრის მიუხედავად, საზოგადოებრივი მღელვარების თავიდან ასაცილებლად და მეგობრული ურთიერთობების შესანარჩუნებლად ყველაზე რეალისტური სცენარი დღეს ისევ იმ სტატუს ქვოს შენარჩუნება შეიძლება, იყოს, რითაც დღემდე მუშაობდა ორი სახელმწიფო დავით გარეჯის სადავო მონაკვეთთან მიმართებით: ღია საზღვარი და, ერთგვარი, გამტარი გზა, რომელიც საშუალებას მისცემს მსურველებს ორივე მხრიდან, თავისუფლად მოინახულონ სრული სამონასტრო კომპლექსი. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ საზოგადოებაში მღელვარების გრადუსი ძირითადად სწორედ მონასტრების დახურვის დროს მატულობს, პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა, შესაძლოა, საზოგადოებრივი განწყობებისთვის გამაღიზიანებელ ფაქტორად ნაკლებად მივიჩნიოთ. თუმცა, მეორე მხრივ, ასეთ შემთხვევაში მუდმივად იარსებებს რისკი იმისა, რომ რადიკალურად განწყობილმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა ორივე მხრიდან პერიოდულად პროვოკაციები მოაწყონ ეროვნული მოტივით, რაც არა მხოლოდ დავით გარეჯის საკითხის კვლავ გამწვავებას გამოიწვევს, არამედ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებსაც დაძაბავს.

ამგვარად, ცხადია, რომ დავით გარეჯის საკითხი ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის სცდება მხოლოდ საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის ნიუანსებს და დამატებით მნიშვნელობებს იძენს როგორც ქართული პოლიტიკური ელიტისთვის, ისე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვისაც. ამიტომ საკითხით მანიპულირების შესაძლებლობას პოლიტიკური ძალები ხელიდან არ უშვებენ, რაც ყველაზე აქტიურად „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ მასების მობილიზაციასა და ახალი პრემიერის მიერ დავის სახელმწიფოთაშორის დონეზე გადაწყვეტაში გამოიხატა. საკითხავი ახლა ის არის, თუ რა ძირითადი აქცენტებით გააგრძელებს გახარიას მთავრობა საკითხზე მუშაობას ისე, რომ, ერთი მხრივ, არ დააზარალოს მეგობრული და ორივე ქვეყნისთვის სტრატეგიული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მეორე მხრივ, კი შეინარჩუნოს დავით გარეჯის ინციდენტის გარშემო შექმნილი საზოგადოებრივი სიმშვიდე.

ნინო სამხარაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით.

მასალა ეფუძნება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს ნინო სამხარაძის ავტორობით, რომლის სრული ვერსიაც შეგიძლიათ, ნახოთ აქ: „დავით გარეჯი ქართულ ეროვნულ ნარატივსა და პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგში: რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?“.

ფოტო – www.tour.qeroli.ge

იტვირთბა....