პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევონ
„მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით სხდომის წამყვანს, თქვენ თუ არ გეუხერხულებათ ასეთი დამოკიდებულება კანდიდატის, თქვენი კოლეგის მიმართ, მე ვფიქრობ, ეს არის თქვენი პრობლემა. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც დღეს ბატონი პაატა აკეთებს. მე აქ ვიცავ პარლამენტის ღირსებას, ინსტიტუციის ღირსებას ვიცავ. დღეს რასაც ბატონი პაატა აკეთებს, ამის გამო, თქვენს ადგილას ვეტყოდი მანდატურს – მოკიდეთ ხელი ბატონ პაატას და გააგდეთ ამ ოთახიდან. ეს არის პარლამენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა და თქვენ თუ არ შეგიძლიათ დაიცვათ პარლამენტის ინსტიტუცია, ეს არის თქვენი პრობლემა. მე მოგიწოდებთ, ბატონი პაატა გააძევოთ, ვინაიდან ის პატივს არ სცემს პარლამენტის წევრს. არ შეიძლება ასეთი სულისკვეთების ადამიანი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატ – პაატა სილაგაძეს უსმენენ.
პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მე-13 კანდიდატია, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უსმენს.