ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთის მიმართ “ოცნებისეული” სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა მცოცავი ოკუპაციის ტოლფასია” – ხათუნა ლაგაზიძე

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე რუსეთთან მიმართებაში “ქართული ოცნების” ხელისუფლების ოფიციალურად აღიარებულ პოლიტიკას, რომელიც მისი თქმით, “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაა”, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან ეს ტაქტიკა არ ამართლებს და უფრო მეტიც, როგორც ლაგაზიძე მიიჩნევს, რუსი, ტაქტიკის უსაფუძვლობას ყოველდღიურად “ძმრად გვადენს”.

როგორც “მეტრონომთან” საუბრისას ლაგაზიძემ თქვა, “ოცნების” სწორედ ამგვარი პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან “თავისივე ნებით მიინავლა”, რაც ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლების დანაშაულია.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, “ხმის ჩახლეჩვამდე უნდა ყვიროდე” იმისთვის, რომ სულ მცირე “არ დაგივიწყონ” და უარეს შემთხვევაში, “რამე თამაშის საჯილდაო ქვად არ იქცე”.

“პირდაპირი კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან არ აქვს. ერთი, ბოლოს რაც ვიხილეთ, იყო ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრა, დანარჩენი არსებული ფორმატებია. დღევანდელი ხელისუფლება ამას ეძახის “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას”. იგულისხმება ის, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, როცა საქართველოს დამცველებს დღეს საქართველოსთვის არ სცალიათ. “ოცნების” ხელისუფლების ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის ეს და ამას ხატოვნად ეძახიან “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას. ეს სტრატეგია გამოიხატება იმაში, რომ  უნდა დაველოდოთ დროს, როცა ჩვენი პარტნიორები მოიცლიან საქართველოს პრობლემისთვის და მანამდე ვიყოთ ჩუმად, რომ რუსული აგრესიის მორიგი ტალღა არ დავიტეხოთ თავს. ის, რომ ეს ტაქტიკა არ ამართლებს, რუსი ამის დავიწყების საშუალებას არ გვაძლევს. უფრო სწორად, ყოველდღე ძმრად გვადენს ამ ტაქტიკის უსაფუძვლობას. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ანტირუსული ისტერია უნდა ატყდეს ქვეყანაში. ობიექტური რეალობა ისეთია, რომ დღეს დასავლეთს არ სცალია საქართველოსთვის და ამას ვხედავთ თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობების ფონზე…

“სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა” არ ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ფორმატებს ჩაეხსნა და დასავლეთის დღის წესრიგიდან საერთოდ ამოვარდე. პირიქით, დასავლეთის დღის წესრიგში მუდმივად უნდა იყო, მით უფრო ასეთი ძნელბედობის ჟამს, როგორიც დღეს მსოფლიო პოლიტიკას უდგას, რომ საერთოდ არ მიგივიწყონ ან კიდევ უარესი – რაღაცაზე არ გაგცვალონ. ამიტომ, მთავარი ამოცანა რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას უდგას, ამასაც არ ასრულებს. ანუ, ის სიტყვიერად კი ერთგულია პროდასავლური კურსის, მაგრამ რეალურად და ამას თავად ამერიკელი პარტნიორები ამბობენ, საქართველო არის მაქსიმალურად პასიური ყველა საერთაშორისო ფორმატში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების დანაშაული. ის თავისივე ნებით მიინავლა საერთაშორისო რადარებიდან. ეს ქვეყანას მძიმედ დაუჯდება. მძიმეა ის, რომ რუსეთისთვის თუ გახდი აბსოლუტურად ღია არაფერი გაკლია იქამდე, რომ იქცე რუსეთის გავლენის სფეროდ. ახლა ხმის ჩახლეჩვამდე უნდა ყვიროდე, რომ სულ მცირე არ დაგივიწყონ და უარეს შემთხვევაში, რამე დიდი თამაშის საჯილდაო ქვა და გარიგების ობიექტი არ გახდე. რუსეთის მიმართ “ქართული ოცნებისეული” სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა მცოცავი ოკუპაციის ტოლფასია”, – განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომს”.

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....