ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში გადადიხართ” – მათიკაშვილი ბესელიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიასთან კამათს გამოეხმაურა.

მისი თქმით ამ პროცესს საერთაშორისო პარტნიორები უყურებენ და ხედავენ, როგორ ცდილობენ პროცესის ჩაშლა.

მათიკაშვილმა, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიჰყავს, განმარტა, რომ ნებისმიერ დეპუტატს ან სხვა ადამიანს აქვს კითხვის დასმის უფლება, თუმცა ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში.

„სხდომას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ დეპუტატს და საზოგადოების წევრს, რომელიც დამტკიცებული დღის წესრიგით მონაწილეობს პროცესში, აქვს სრული უფლება დასვას ნებისმიერი კრიტიკული კითხვა, ოღონდ ეს უნდა იყოს კორექტულობის ფარგლებში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რასაც ეკა ბესელიას პროტესტი მოჰყვა. მათიკაშვილმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„თუ თავის შეკავება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ დარბაზი დატოვოთ. თქვენ ბევრჯერ გამოაჩინეთ თქვენი სახე, მათ შორის გუშინაც“, – განაცხადა მათიკაშვილმა, რის საპასუხოდაც ეკა ბესელიამ მას „მედროვე, მხდალი და მშიშარა“ უწოდა.

„გვიყურებენ საერთაშორისო პარტნიორები და ხედავენ, როგორ გინდათ ამ პროცესის ჩაშლა. ეს სერიოზულად მისაღები არ არის მართლა, თქვენ გადადიხართ ნელ-ნელა კომედიურ ჟანრში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა ბესელიას საპასუხოდ.

იტვირთბა....